
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ პოლიტიკური ლიდერები სხვადასხვა ქალაქის მერობის კანდიდატებს და რეგიონის მაჟორიტარებს შეხვდნენ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემო და რეგიონებში არსებული ვითარება შეაფასეს.
როგორც „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო, წინასაარჩევნო კამპანია შეეჯამებინათ.
მისივე თქმით, ოპოზიცია მზადაა, იბრძოლოს თითოეული ხმისთვის და უზრუნველყოს ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია არჩევნების დღეს.
„შეხვედრა გვქონდა „ძლიერი საქართველო – ლელოს”კანდიდატებთან რეგიონებში, რათა შეგვეჯამებინა ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. ცხადია, სრულიად უსამართლო პირობებია. ცხადია, „ქართული ოცნება“ იყენებს აპრობირებულ მეთოდს ადამიანებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, მოსყიდვის, მაგრამ, ამასთან, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ყველა კანდიდატი არის შემართებით. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს – „გახარია საქართველოსთვის“ გვაქვს განზრახვა, შეიცვალოს უიმედო ვითარება. მიუხედავად უსამართლო გარემოსი, ჩვენი კანდიდატები აპირებენ, იბრძოლონ თითოეული ხმისთვის, დაიცვან თითოეული ხმა, საარჩევნო დღეს მაქსიმალურად მოხდეს ამომრჩევლის მობილიზაცია, რადგან თითოეული ოპოზიციური ხმა არის „ქართული ოცნების“ დასუსტება.
ხალხი, რომლებსაც დღეს შევხვდით, ზედმიწევნით იცნობს ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემებს. ამიტომ მათთვის ხმის მიცემა ნიშნავს პოზიტიურ ცვლილებებს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.