
ფონდში არის ძალიან ბევრი ჩარიცხვა, დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათიათასობით ლარით. ემიგრანტები, ბიზნესმენები, საბანკო სექტორი და ა.შ. ძალიან ბევრი ჩამრიცხველი მყავდა, მაგრამ პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი, ეს იყო ბაჩიაშვილი და გილაური , - ამის შესახებ ტელეწამყვანმა, “ნანუკას ფონდის” დამფუძნებელმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის ე.წ. საბოტაჟის საქმეზე იკითხებოდა.
როგორც ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს უთხრა, “ქართულ ოცნებას” უფრო მეტი ინფორმაციის გაცემა შეუძლია ნიკა გილაურზე, ვიდრე მას.
“იყო შაბლონური კითხვები, იყო საინტერესო კითხვებიც. მე ვიყავი მისული წესდებით, რომ პროკურატურისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა - ყველა გადარიცხვა ითვალისწინებს იმ ნორმას, რასაც უშვებდა წესდება და რის უფლებასაც მაძლევდა, ეს ერთი. მეორეც, თქვენ იცით, რომ ფონდში არის ძალიან ბევრი ჩარიცხვა, დაწყებული ერთი ლარიდან, დამთავრებული ათიათასობით ლარით. ემიგრანტები, ბიზნესმენები, საბანკო სექტორი და ა.შ. ძალიან ბევრი ჩამრიცხველი მყავდა, მაგრამ პროკურატურამ ამ ყველასგან გამოარჩია მხოლოდ ორი გვარი, ეს იყო ბაჩიაშვილი და გილაური და პროკურატურას აინტერესებდა, ბაჩიაშვილისა და გილაურის თანხა რისთვის იყო (მიუხედავად იმისა, რომ იქ მიზნობრიობა იყო) და რაში დაიხარჯა ეს თანხა. ამაზე პასუხი გავეცი და ვუთხარი კიდეც, რომ გილაურთან დაკავშირებით დღეს, ჩემი გადმოსახედიდან, “ქართულ ოცნებას” უფრო შეუძლია მომაწოდოს ინფორმაცია, ვიდრე მე მივაწოდო მას, ამიტომ ჩავთვალე, რომ ეს შეკითხვა ჩემთვის არ იყო და უნდა დაესვათ გილაურისთვის, თუმცა, საჯარო იყო, რატომ ჩარიცხა ჩვენს ფონდში ფული ორივემ და არა მხოლოდ მათ, არამედ ყველა ბიზნესმენმა. ეს იყო ძალიან საინტერესო დეტალი, რომ არის რაღაც თემები, რასაც ვერ ინელებენ და მათ შორის, ერთ-ერთი არის ეს.
როდესაც მათ თანხა ჩარიცხეს, ამის შესახებ ჩემი “ფეისბუკ” პოსტიდან ყველამ გაიგო. ეს იყო, მგონი, ათი ათასი ლარი, თუ სწორად მახსოვს. პროკურორს შევახსენე, რომ ამის შესახებ არსებობს სტატუსი და ეს არ ყოფილა დამალული, მე განვაცხადე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ რამდენი ჩარიცხა”, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.