
გერმანიის ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტერ ფიშერს შეხვდა, რომელსაც განემარტა, რომ „ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში“.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე გერმანიის ელჩმა მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „ოფიციალურად დაბარებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის“.