
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გურჯაანში, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც კახეთის რეგიონში ყურძნის კრეფისა და დაბინავების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთში რთველი შეუფერხებლად, თანმიმდევრულად და წარმატებით მიმდინარეობს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული ფასის განსაზღვრა მაღალკონდიციურ და არაკონდიციურ ყურძენზე, რამაც ხელი შეუწყო ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას, მიუხედავად ამინდისა. ქარხნების და ღვინის მარნების მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რთველის პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, თანმიმდევრულად და წარმატებით. ყველა მევენახეს აქვს შესაძლებლობა, ჩააბაროს ყურძენი. ხარისხიანი ყურძენი, თავისთავად, ხელს უწყობს ხარისხიანი ღვინის დაყენებას, რაც ცალსახად არის გარანტი ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების ათვისების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის. ეს ყველაფერი, ჯამში, ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებული ყურძნის რაოდენობამ 110 000 ტონა შეადგინა, დაფიქსირდა მიმდინარე წლის რთველის სეზონზე ყურძნის რეკორდული სადღეღამისო გადამუშავების მაჩვენებელი – 14 000 ტონამდე.
ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, გარდა საგარეჯოსა, სადაც ყურძენი სიმწიფეში შედარებით გვიან შედის. ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ უკვე ჩააბარა.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 52 000 ტონამდე რქაწითელი, 50 000 ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.