
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა, - რის თაობაზეც სპეციალური ბრიფინგ გაიმართა სუს-ში.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „B.P. TRANS" - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS" -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.
საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS"-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა/დაზუსტების მიზნით", - განაცხადეს სუს-ში.
რა არის ცნობილი ბიჭიკო პაიკიძეზე?
ამ კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირად და გულშემატკივრად მიიჩნეოდა.
სამშენებლო კომპანია შპს B.P. TRANS-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ კომპანია 2012 წლის 27 იანვარს დაარსდა და ეწეოდა საავტომობილო გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ნაპირსამაგრ სამუშაოებს და სპეციალური ტექნიკის მომსახურებას.
2023 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მიმოიხილა იმ კომპანიების ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვების პროცესში და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს.
ამ ანგარიშში ვკითხულობთ:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში საუბარია ასევე, იმ მოქმედ და ყოფილ თანამდებობის პირებზე, ვინც ლიცენზიანტ კომპანიებთან არიან დაკავშირებული:
„ბიჭიკო პაიკიძე, ვანის საკრებულოს წევრია პარტია „ქართული ოცნებიდან". იგი ფლობს შპს B.P.TRANS-ის 100% წილს. ბიჭიკო პაიკიძემ პირადად 2016 წელს 12,000 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მისმა კომპანიამ, შპს B.P.TRANS-მა კი 2019-2021 წლებში 26 226 116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბიჭიკო პაიკიძეს ახლო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან (იგი პაიკიძის შვილის ნათლიაა) და ეს აღწერილია ჟურნალისტურ გამოძიებებში".
„ფლანგვის დეტექტორის" თანახმად, პაიკიძის 2017-2020 წლებში ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ - „ჯორჯიან ენერჯიმ" და „ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგეს. მათივე ცნობით, ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე - სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, წარმოშობით ვანელები. 2016 წელს ბიჭიკო პაიკიძემ და მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ქართულ ოცნებას ჯამში 72,000 ლარი შესწირეს. 2014 წელს პაიკიძის კომპანია „ჯორჯიან ენერჯი" RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელსაც კულტურის სამინისტრომ საყდრისის ძეგლის აფეთქების უფლება მისცა.
წყარო: ambebi.ge