
„ლელო" არის თაღლითების პარტია, შექმნილია თაღლითობის მიზნით," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კუპრაძე გამარჯვების შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოს გაფიცვას და რუსთაველზე ყოველ საღამოს სანქცირებულ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ეს განცხადებები შალვა პაპუაშვილისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებს, როცა უკეთეს სერვისებს ჰპირდება, რეალურად კი, ქალაქის პარალიზებას და მუნიციპალური სამსახურების გაფიცვას გეგმავს.
„ვფიქრობ, რომ ეს მსოფლიო არჩევნების ისტორიაში არის განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც დარჩება, როგორც ქართული გამოცდილება, რომ არჩევნებში გადის მერობის კანდიდატი და მათი მთავარი დაპირებაა, რომ არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, მეორე დღესვე მოაწყობენ ქალაქის კოლაფს. ბანერებს რომ აკრავდნენ, ამაშიც ხომ თაღლითები აღმოჩნდნენ.
"ლელო" არის თაღლითების პარტია, შექმნილია თაღლითობის მიზნით. გაცხადებული აქვს მამუკა ხაზარაძეს, რომ მან იმიტომ შექმნა პარტია, რომ ანაკლიის საკითხის პრობლემა ჰქონდა და მთელმა საზოგადოებამ, მსოფლიო საზოგადოებამ ნახა, რომ რაც მას ჰქონდა იყო თაღლითური სქემა, თაღლითური სარჩელები იმისთვის, რომ მილიარდ ნახევარი ამოეღო ქართველების ჯიბიდან. ეს თაღლითობა გასკდა არჩევნებამდე და თურმე ის ბანერები, პრეზენტაციები იყო თაღლითობა. მათი მთავარი ამოცანაა, რომ დაანგრიონ ქვეყანა. ამბობენ კიდეც, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ, მეორე დღესვე ქალაქის კოლაფსს მოაწყობენ," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.