
თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქებისას დაშავებული 19 წლის გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, დაშავებულს სხეულის 48% აქვს დამწვარი.
„ამ წუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. მთელი სხეულის 48% აქვს დამწვარი, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად მიიღო ეს დაზიანებები. დაზიანება სერიოზულია. მას დაზიანებული აქვს თავი, ზემო კიდურები, ნაწილობრივ ქვემო კიდურები, გულმკერდი და ზურგი. ის ახლა იმყოფება დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთისთვის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საკმაოდ სერიოზული დაზიანებები აღენიშნება", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსთან".
ცნობისთვის, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.