
ხელისუფლებას უნდა დისონანსის შემოტანა შალვა პაპუაშვილისა და სხვა დასაქოქი სათამაშოების სახით, უნდა, რომ გზა-კვალი აურიოს საზოგადოებას , - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის დღევანდელ გაცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
დათუნაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" ცივილიზებულ სამყაროში არავინ დაელაპარაკება, სანამ ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეიცვლება.
"რა უნდა შალვა პაპუაშვილს, რომ კიდევ ერთხელ დისონანსის შემოიტანოს ამ პროცესში? შალვა პაპუაშვილი რაღაცას რომ დაწერს, ეგ მივიღოთ მოცემულობად? ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, რაც დაწეროს, ის რომ სერიოზულად მივიღოთ, ჭკუიდან არის გადასული ეს კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაატარა "ენჯეო" - ში, გერმანიის გადასახადის გადამხდელების ფულით არჩინა თავისი ოჯახი, დღეს რომ სიმონიანად გვევლინება, "პომადის" გარეშე, ეს სამარცხვინო, რომელიც მთელი ცხოვრება იდგა იმ გზაზე, რომელზეც არავითარი პრობლემა არ ჰქონია და დღეს ეს გზა თურმე მტრული რომაა და ყველა სახელმწიფოს მტერია, დღეს მისი რამე შეიძლება დავიჯეროთ?
ხელისუფლებას უნდა დისონანსის შემოტანა შალვა პაპუაშვილისა და სხვა დასაქოქი სათამაშოების სახით, უნდა, რომ გზა-კვალი აურიოს საზოგადოებას, თორემ სინამდვილეში ეს არაფერს არ ცვლის იმ დამოკიდებულებაში, რა დამოკიდებულებაც აქვს ცივილიზებულ სამყაროს არაცივილიზებული, ველური, ნახევრად ჩეჩნური მმართველობის წინაშე, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი ჰყავს ნაწამები ამ 300 დღის მანძილზე, 60-ზე მეტი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი ჰყავს საპყრობილეებში, კანონებს იღებს, როგორი კანონებისაც პუტინსაც შეშურდება და ავტოკრატიულ საღორეს აწყობს ამ ქვეყანაში. არავინ არ დაელაპარაკება ცივილიზებულ სამყაროში, თუ ეს ყველაფერი არ შეიცვლება", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზეც ისაუბრა და მოქალაქეებს ჯერ საარჩევნო ყუთთან, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"დღესაც მგონია, რომ სწორი ამბავია, ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ რეჟიმთან წინააღმდეგობაში, არსად ფარ-ხმალი არ დავყაროთ. ჩვენი საქმე ეს არის - პოლიტიკოსები ვაკეთებთ პოლიტიკას, პოლიტიკური პარტიის საქმე, წინააღმდეგობასთან ერთად, არის პოლიტიკური პროცესი.
არ მოდის წინააღმდეგობაში, წახვიდეთ და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოთ საარჩევნო ყუთთან და მერე წახვიდეთ და ჩაერთოთ წინააღმდეგობაში, მე ასე ვიზამ, ოღონდ მე წავალ, როგორც ერთი რიგითი ადამიანი.
რასაც მშვიდობიან რევოლუციას ეძახიან, ჩვენ, "ძლიერი საქართველო" მაგის თანამონაწილეები არ ვართ იმ თვალსაზრისით, რომ ორგანიზატორები არ ვართ. ჩვენთვის არავის არ უთქვამს ზუსტი სცენარი, ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ვიღებთ, თუმცა იქ მივალთ და ყველას ვეუბნები, რომ ყველა უნდა მივიდეს, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები. დავდგეთ და ვიყოთ ამ წინააღმდეგობის ნაწილი. იმას კი არ ვამბობ, რომ დამხობის სცენარის ნაწილი ვიყოთ, რადგან არ ვიცი, ეს სცენარი რისგან შედგება.
არავინ არ არის აქ სულელი, რომ სჯეროდეს, მარტო არჩევნები შეცვლის რაღაცას, მითუმეტეს, თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნები, წინააღმდეგობა რუსთაველზე, წინააღმდეგობა სოფლებსა და ქალაქებში, სუს-ისა და ამ საშინელებების მოშორება, ადამიანების შიშის ჩამოშლა - ეს არის ჯამში რეცეპტი, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ერთხელ და სამუდამოდ!" , - განაცხადა დათუნაშვილმა.