
არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე შესვლა უბრალოდ იმის დადასტურება იქნება, რომ „ქართული ოცნების" ფასადურ დემოკრატიას ეხმარები , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.
გედევან ფოფხაძის თქმით, ალოგიკურია, როდესაც „გყავს პოლიტპატიმრები, გაქვს გაყალბებული არჩევნები" და მაინც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებ მონაწილეობას.
„რეალობა არის ის, რომ არანაირი არჩევნები ქვეყანაში არ ტარდება. არც საარჩევნო კომისია, არც წინასაარჩევნო გარემო, არც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, ქვეყანაში საარჩევნო სიტუაციას არ ქმნის. ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს ქვეყანაში და ამ პირობებში როგორ შეიძლება დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ჩვენ გაგვიკოჭეს ხელები, მსაჯიც მათ მხარესაა და მაინც გავდივართ ბრძოლის ველზე. არაფერი არ შეცვლილა, არაფერი არ გაუმჯობესებულა, პირიქით პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს. ახლა შენ გყავს პოლიტპატიმრები და გაქვს გაყალბებული პარლამენტი, რა ლოგიკაა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში? რეალურად ბრძოლა არ არის, არის ცალკარა, არის ძალადობა, აბსოლუტურად გამზადებულია გაყალბების სისტემა. ეს ყველაფერი 2024 წელს ნახე და გინდა კიდევ ერთხელ გაიარო? ერთხელ შეხვედი უბანში, გაგლახეს, გამოხვედი გალახული და ეგებ, ახლა აღარ გამლახონო, მე ამაში ლოგიკას ვერ ვხედავ.
ამ ვითარებაში ჩვენ უნდა შევთანხმებულიყავით საერთო სტრატეგიაზე. ვაფასებთ ამ რეჟიმს როგორც კოლაბორაციონისტულს, მოღალატეს, რუსულს და მის ქმედებებს ვატოლებთ რეჟიმთან, რომელიც სისტემურად არღვევს ადამიანის უფლებებს, უკანონოდ იჭერს ხალხს. ბიძინა ივანიშვილს ვუწოდო რუსეთის მსახური, სატელიტი, ამ მთავრობას კი კოლაბორაციონისტული და მერე მაინც მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, ეს ლოგიკაში ძალიან აცდენილია.
ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს და არავისთან დებატებში არ შევდივარ. ვიცი, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე შესვლა უბრალოდ იმის დადასტურება იქნება, რომ „ქართული ოცნების" ფასადურ დემოკრატიას ეხმარები. ივანიშვილი ცდილობს, რომ საზოგადოებას შემოტენოს სიცრუე, ვითომ მაინც ინარჩუნებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დემოკრატიულ მართვის ფორმებს, მათ შორის შიდა საარჩევნო დემოკრატიას. ამ ყველაფერში თანამონაწილეობა მე არ მინდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის რეჟიმი და უნდა ვიმოქმედოთ ადეკვატურად", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.