
დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ყველა თვლის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი და თუ საქართველოსთან დაკავშირებით ვინმეს რამე ინტერესი აქვს, პირდაპირ კრემლს უნდა ელაპარაკოს და არა ვიღაც ფოსტალიონებს თბილისში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი „კობახიძე არის უბრალოდ ფოსტალიონი".
ამავე კონტექსტში მან ისაუბრა მიხეილ ყაველაშვილის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაგეგმილ გამოსვლაზე და თქვა, რომ გაეროს ფორმატი ფორმალობაა, სადაც მიხეილ ყაველაშვილს არავინ მოუსმენს.
"საქართველომ დაკარგა სუბიექტურობა, საქართველო აღარ არის საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტი, ის გახდა ობიექტი, ანუ ერთგვარი გასაყიდი ტერიტორია და ეს განცდა აქვს დასავლეთს. არა მხოლოდ დასავლეთს, ჩინეთშიც არ იყვნენ მიწვეულები, თუ გახსოვთ. სომხეთი და აზერბაიჯანი იყო და საქართველო არ იყო შანხაიში მიწვეული. ეს ნიშნავს იმას, რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ყველა თვლის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი და საქართველოსთან დაკავშირებით თუ ვინმეს რამე ინტერესი აქვს, პირდაპირ კრემლს უნდა ელაპარაკოს და არა ვიღაც ფოსტალიონებს თბილისში. ყველამ იცის, რომ არა ინსტიტუციური პირი მართავს ქვეყანას, კობახიძე არის უბრალოდ ფოსტალიონი და ფოსტალიონთან შეხვედრა ვის რაში სჭირდება? მაკა ბოჭორიშვილი კიდევ ფოსტალიონის ფოსტალიონია. გაეროს ფორმატი ფორმალური ფორმატია, ყაველაშვილს რომ იქ ვინმე მოუსმენს, ხომ წარმოგიდგენიათ, ცარიელ დარბაზში უნდა დადგეს ტრიბუნასთან და სურათები გადაიღოს, არავინ მისი მომსმენი იქ არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა.
პოლიტოლოგის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ე.წ. სუვერენული დემოკრატიის დამყარებას, სადაც არჩევნები ფორმალურ სახეს მიიღებს, თუმცა, როგორც მან განმარტა, იმისთვის, რომ ასეთი მოცემულობა შეიქმნას, საჭიროა ძალისმიერი აქცია, რათა საბოლოოდ გატეხოს პროტესტი.
"არსებობს ასეთი ილუზია, რომ საქართველოში შესაძლებელია იმ ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატიის დამყარება, სადაც არის ერთი დომინანტური პარტია და მისი ხელის ოპოზიცია, სადაც სამოქალაქო საზოგადოება დონაციას მიიღებს მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით და მხოლოდ იმ პროექტებზე, რომელიც ხელისუფლებას აწყობს, სადაც ლარი არ დაფრინავს ხელისუფლების კონტროლს მიღმა და ა.შ. ასეთი სუვერენული დემოკრატია, სადაც ფორმალურად ტარდება არჩევნები, ასეთი მოცემულობა უნდა შეიქმნას. ასეთი მოცემულობა რომ შეიქმნას, ბიძინას არ აკმაყოფილებს მხოლოდ არჩევნების ჩატარება, მას სჭირდება ძალისმიერი აქცია, რომ თუ კიდევ სადმე რამე არის, ისიც უნდა გატეხოს და სისტემურად სამზარეულოში შეიყვანოს პროტესტი. ამ საქმეში ბიძინას, პრინციპში, ყველაფერი დალაგებული აქვს იმიტომ, რომ მოახერხეს და ოპოზიცია გახლიჩეს, ერთმანეთთან დააპირისპირეს. ბიძინას, მეტ-ნაკლებად, გაყალბების არჩევნები სჭირდება და ვინც არჩევნებზე მიდის, იმას ოპოზიციის ნაწილი დაუპირისპირა. ამის შემდეგ, თუ ვინმეს ხელი წაუცდება, ყველანაირი უფლება ექნება, რომ სახელმწიფო გადატრიალებაზე ისაუბროს. ფაქტობრივად, არჩევნების შემდეგ "ნაც-ქოცურ" ნარატივს აბრუნებს. ის პარტიები, რომლებიც ცდილობენ, დარჩნენ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, ოპოზიციის მეორე ფრთის ხელით მათი სრული დისკრედიტაცია უნდა მოხდეს, ანუ ეს ორპოლუსიანობა უნდა დაბრუნდეს, ანუ ბიძინა შოკოლადშია, მას განძრევაც აღარ სჭირდება", - განაცხადა ხუხაშვილმა