რეზონანსი
23.09.2025

"ბოლომდე! საქართველოს გადასარჩენად" - ამ სლოგანით მოქალაქეები 300 არაგველის მემორიალიდან რუსთაველის გამზირამდე მარშით მიემართებიან.

პროტესტის მონაწილეები, რომლებიც 300 დღეა უწყვეტად გამოდიან რუსთაველის გამზირზე, 300 არაგველის ძეგლთან სიმბოლურად შეიკრიბნენ.

როგორც შეკრებილები აცხადებენ, 300 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებას სთხოვენ, დაუბრუნდეს „კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შეწყდეს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი".

მათი თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.

მათი თქმით, 300-დღიანი პროტესტის შემდეგ ხელისუფლებას უნდა დაენიშნა ახალი არჩევნები, თუმცა ამის ნაცვლად იღებს მხოლოდ ესკალაციურ ნაბიჯებს და არ დგამს არც ერთ კონსტრუქციულ ან კომპრომისულ ნაბიჯს, რის გამოც ვითარება სულ უფრო იძაბება.

"300 დღეა, რაც საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ხელისუფლებას სთხოვენ იმას, რომ დაბრუნდეს საკუთარ საკონსტიტუციო ჩარჩოში, შეწყდეს ის ტერორი, რომელიც მოქალაქეების მიმართ არის მიმართული. გადავიქეცით ტერორისტულ სახელმწიფოდ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს თავის საკონსტიტუციო ჩარჩოებს. მეორე მოთხოვნაა, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ამდენი დღიანი პროტესტის შემდეგ, ხელისუფლებას უნდა ჩაენიშნა ახალი არჩევნები თუ კი მას სურს პრობლემის მოგვარება საკუთარ ქვეყანაში. ამის ნაცვლად ვიღებთ ესკალაციურ ნაბიჯებს. არც ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი , არც ერთი კომპრომისული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ვითარება მხოლოდ იძაბება, ტერორის რეჟიმში არიან გადასულები. აქედან გამომდინარე, სიტუაცია ვერ ნორმალიზდება.

პროტესტიც ვერ შეწყდება. ვერ გადავწყვეტთ, რომ შევეგუოთ ამ ყველაფერს და დავიშალოთ სახლებში. რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება, ის უმიზეზოდ არ გაჩენილა - პროტესტის ავტორი თავად ხელისუფლებაა. პროტესტი როგორ მოგვარდება და რა რეჟიმში გაგრძელდება დამოკიდებულია ხელისუფლებაზე", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პარლამენტთან, სადაც მარშის მონაწილეები მსვლელობით მივლენ, სადაც გაიმართება ვიზალიბერალიზაციის შესახებ ფილმის ჩვენება, ასევე ნაჩვენები იქნება აქციების დროს დაკავებული აქტივისტების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×