შეიძლება გარკვეული დაძაბულობა იყოს, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკას 2024 წლის მასშტაბის პრობლემები აღარ შეექმნება
გვანცა წულაია
23.09.2025

საქართველოში სულ მალე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. რადიკალური ოპოზიცია 4 ოქტომბრისთვის აქციებით ემზადება, ამიტომ საინტერესოა, არჩევნების შემდეგ არის თუ არა ისეთივე საფრთხე მოსალოდნელი, როგორც გასული წლის საპარლამენტო არჩვენების მერე იყო. იმ პერიოდში ლარის კურსი მერყეობდა, ინვესტიციების კლება შეინიშნებოდა და ტურიზმის მიმართულებაც მცირედით დაპაუზდა. როგორც ჩანს, ამჯერად ეკონომიკას მსგავსი მასშტაბის საფრთხე არ ემუქრება.

არჩევნების სამზადისის ნაცვლად, რადიკალური ოპოზიცია, ისე როგორც ყველა არჩევნებზე, აქციებს აანონსებს. გასულ წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მერე, მანამდეც და მას შემდგომაც აქციების ფონზე, ეკონომიკას გარკვეული სახის პრობლემები შქმნებოდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, თუმცა შემდეგ მდგომარეობა გამოსწორდა, თუმცა კურსის შედარებითი დაბალანსება ეროვნულ ბანკს ასეულობით მილიონი დოლარი დაუჯდა. პრობლემა შეექმა ინვესტიციებს და ზამთრის ტურიზმის მიმართულებასაც, თუმცა ნეგატიური შედეგი არ იყო ხანგრძლივი. 

იქნება თუ არა 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციები მასშტაბური და მივა თუ არა მდგომარეობა იქამდე, რომ ეკონომიკას პრობლემა ამჯერადაც შეექმნას. 

ეკონომისტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანის ყველანაირი რესურსი ამოწურა, ამიტომ აქციები მასობრივი არ იქნება და შესაბამისად, ეკონომიკასაცსაფრთხე არ დაემუქრება.   

ასეთი მოსაზრება აქვს ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძეს. მან ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სრულიად განსხვავდება დღევანდენილი მოცემულობისგან. 

"შარშან საქართველოში აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვქონდა. მანამდეც და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში გამოსვლები იყო და ასეთმა მოცემულობამ, რა თქმა უნდა, წარმოქმნა გარკვეული დაძაბულობა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ ეროვნულ ბანკს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა სტაბილიზაციისთვის. 600 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი მიაწოდა სავალუტო ბაზარს, რათა ლარი კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულიყო. საერთოდ, ასეთი რევილუციური ხასიათის გამოსვლებს ყოველთვის აქვს ხოლმე ასახვა ეკონომიკაზე და არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან. 

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, არ მგონია, რომ მსგავსი რამ განმეორდეს, რადგან ასეთი წინაპირობა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ახმოვანებენ სხვადასხვა "მშვიდობიან” თუ არამშვიდობიან რევოლუციებს. 

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ. მოლოდინი რომ იყოს ნეგატიური, მაშინ, ეს აუცილებლად აისახებოდა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე. როდესაც დაძაბულობაა, ყოველთვის ხდება ლარში არსებული დეპოზიტების გადაყვანა უცხოურ ვალუტაში ან საერთოდ გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღეს, ლარიზაციის მაჩვენებელი არ არის შემცირებული და უკეთესიც კი არის, ვიდრე იყო 2-3 წლის წინ.

დაძაბულობა ყოველთვის იწვევს დოლარზე მოთხოვნას და ლარი უფასურდება. დღეს ყველა ვხედავთ, რომ მსგავსი არაფერი ხდება. წინა დღეებში კი იყო ეროვნული ვალუტის გარკვეული სახის გაუფასურება, მაგრამ ასეთი მომენტი ყველთვის არსებობს. გამოდის, რომ მოსახლოების დიდ ნაწილში ნეგატიური მოლოდინი არ არსებობს. 

დღევანდელი ვითარების შარშანდელ ექსტრემალურ სიტუაციასთან შედარება არ იქნება სწორი, რადგან, როგორც გითხარით, მდგომარეობა არ არის გაუარესებული და მოსახლოების დიდ ნაწილში არ არსებობს ცუდი მოლიდინი. შესაძლოა, გამოსვლები იყოს და რადიკალიცაზიის მცდელობაც შეიქმნას, მაგრამ არა მგონია, რომ მას ჰქონდეს ისეთივე აჟიოტაჟური ხასიათი და დროში ისეთივე განგრძობადი იყოს, როგორც 2024 წელს. მოკლევადიანი რყევა შეიძლება იყოს, თუმცა მისი ზეგავლენა ეკონომიკა თითქმის არ იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი ცუცქირიძემ. 

ექსპერტთა მეორე ნაწილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური მოლოდინი არ არსებობს, წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, რადგან ყველაფერი 4 ოქტომბერზეა დამოკიდებული. ამ დღის შემდეგ შესაძლოა, მოვლენები სხვადასხვა გვარად განვითარდეს.  

როგორც ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ არსებული მოცემულობა დამოკიდებული იქნება კონკრეტულად 4 ოქტომბერზე, ოპოზიციის გამოსვლაზე, მათ მხარდაჭერასა და მთავრობის რეაქციაზე. 

"მთავრობის მიერ დანიშნული არჩევნები ოპოზიციის მიერ არ არის ლეგიტიმურად აღიარებული და ისინი ამბობენ, რომ გააპროტესტებენ ამ დღეს. მეტიც, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი რევოლუციის დღე. ტექნიკურად არ ვიცი როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული სახის დაძაბულობა და კომფრონტაცია იყოს. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და გააჩნია, რა და როგორ მოხდება და როგორი იქნება რეაქცია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება 4 ოქტომბერზე, ოპოზიციის გამოსვლაზე, მათ მხარდაჭერაზე, მთავრობის რეაქციაზე და ა.შ. 

თუ მშვიდობიანად ჩაიარა არა მხოლოდ არჩევნებმა, არამედ საერთოდ ამ დღემ არსებითი განსხვავება წინა და მომდევნო პერიოდებს შორის არ იქნება. თუ მაგალითად ლარის კურსზეა საუბარი, ეროვნულ ბანკს გაცვლითი კურსის გარკვეულ ჩარჩოში შენარჩუნების პოლიტიკა აქვს არჩეული. სებ-ს საკმარისად ბევრი რეზერვი აქვს, რომ ლარი სტაბილურ დონეზე შეინაჩუნოს. ამიტომ ამ მხრივ რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდება. თანაც ახლა თვითმმართველობის არჩევნებია და ცენტრალური მთავრობის პოლიტიკაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს. 

თუკი ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, ვისაც ახლა ხვალიდნელ დღეში ეჭვი ეპარება, უკვე ისიც ვეღარ შეიტანს ეჭვს. ასე რომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება 4 ოქტომბერს. თუ ოპოზიციის დაპირება გამართლდება, იქნება გარკვეული ცვლილება, თუ არადა იქნება ის, რაც არის, უფრო გამყარებული ფორმატით”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×