
თხევადი საავტომობილო გაზის ხარისხის კონტროლი აუცილებელია. სპეციალისტები ამის აუცილებლობას განიხილავენ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ამ ტიპის საწვავზე მოთხოვნა სწრაფად მატულობს, მაგრამ უსაფრთხოების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება. თხევად გაზზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა თვალსა და ხელს შუა მატულობს, ამიტომ ხარისხზე მათი შემოწმება ინტენსიურად უნდა ხდებოდეს.
თხევადი გაზი, რომელსაც დღეს არაერთი მძღოლი იყენებს აქტიურად, ბენზინის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური და პრაქტიკული ალტერნატივაა. მისი მთავარი უპირატესობა არის დაბალი ფასი და ეკონომიური მოხმარება, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მნიშვნელოვნად დაზოგონ საწვავის ხარჯი ავტომობილით გადაადგილების დროს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა სახარბიელო არ არის, რადგან კონტროლი, ფაქტობრივად, არ ხორციელდება და არც ლაბორატორიაა, სადაც შეიძლება გაზის სისტემების შემოწმება ხდებოდეს.
ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ არ მოწმდება არც აირმზიდები, არც ტრანზიტული ტრანსპორტი და არც შიდა მოხმარების უძრავ-მოძრავი ობიექტები, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.
„საქართველოში თხევად აირზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ანალოგიური ტენდენციაა მთელ ევროპაში. ამ პროდუქტზე გადადის ყველა. უკვე საზღვაო ტრანსპორტიც თხევადი აირის გამოყენებას იწყებს. მაგალითად, ევროპულ პორტებში, გემი ვეღარ შევა მაზუთით და დიზელით. ასევე, სამგზავრო ტრანსპორტი და ავტომობილებიც მასობრივად გადადიან თხევად გაზზე.
ანალოგიური ვითარებაა ჩვენს რეგიონშიც. თურქეთში ავტომობილების 80% თხევად აირზეა. შესაბამისად, ჩვენთანაც ინტენსიურად იზრდება მისი მოხმარება.
ყველა თანხმდება, რომ დღესღეობით საქართველოში დარგის მონიტორინგს არავინ აკეთებს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა აეღო თავის თავზე, მაგრამ დღემდე რატომღაც ვერ მოხერხდა. არ კეთდება ანალიზი და ეს არის ძალიან ცუდი, არ შეიძლება სფერო თვითდინებაზე იყოს მიშვებული.
ასე თუ გაგრძელდება, გაზმზიდების ტრანზიტად გატარება საფრთხის შემცველი გახდება. ყურადღება დროულად უნდა გამოვიჩინოთ.ვსვამ კითხვას - ვის იმედზეა ქვეყანაში თხევადი აირის შიდა მოხმარება თუ ტრანზიტი? მხოლოდ ტექდათვალიერების დონეზე გვაქვს ეს სფერო მიშვებული. ამიტომ აუცილებელია, მიმდინარეობდეს გაზის სისტემების კვლევა და მონიტორინგი. მით უმეტეს, რომ ეს არის ცეცხლსაშიში პროდუქტი. ამიტომ, აუცილებელია შემოწმება. უნდა იყოს შესაბამისი სამსახური, რომელიც გააკონტროლებს ყველაფერს და ამ მიმართულებით ნებართვები უნდა არსებობდეს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვახტანგ იობაშვილმა.
ერთი საგანგაშო ფაქტი უკვე მოხდა. რამდენიმე დღის წინ მუხიანში გამთენიისას გაზის ცისტერნა აფეთქდა, რომელიც საცხოვრებელ კვარტალში იყო განთავსებული. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია, მაგრამ ეს უკვე პირველი სიგნალია იმისა, რომ კონტროლი გასაძლიერებელია.
რაც შეეხება შემოწმების ინტენსივობას. როგორც გაზის ხარისხის ექსპერტი ნოდარ რამიშვილი ამბობს, უცნობია, მოწმდება თუ არა თხევადი გაზის ხარისხი და რა დონეზეა კონტროლი. შესაბამისმა ლაბორატორიამ მუშაობა დაახლოებით 14 წლის წინ შეწყვიტა და მას შემდეგ კონტროლთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არავინ ფლობს.
,,არსებობს სტანდარტი საყოფაცხოვრებო დაჭირხნული გაზისა და სპეციალური სტანდარტი დაჭირხნული საავტომობილო გაზის შესახებ. ხარისხი სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, მაგრამ ამოწმებს ვინმე თუ არა საქართველოში, ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. დაჭირხნული პროპან-ბუტანის გაზი საავტომობილო დანიშნულებისთვის აბსოლუტურად განსხვავებული მიმართულებაა.
ცხადია, სუნი უნდა ჰქონდეს ნებისმიერ გაზს და ვინაიდან გაზი თავისი ბუნებით უსუნოა, სპეციალური ნივთიერება ემატება მას, რაც აძლევს სუნს, მაგრამ ნორმის დაცვა აქაც აუცილებელია. ამ ნივთიერების დამატების გარეშე გაზი შეიძლება აფეთქდეს კიდეც ისე, რომ საფრთხის შესახებ წინასწარ ვერავინ გაიგებს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კრიტერიუმი, თუ რამდენი უნდა იყოს პროპანის და ბუტანის შემცველობები საწვავად გამოყენებულ აირშ. უჯერი ნახშირწყალბადებიც ლიმიტირებულია, რაც ასევე არის შესამოწმებელი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დეტალებია, რაც თხევადი საავტომობილო გაზის უსაფრთხოებას ეხება.
ქვეყანაში კონტროლი არ ხორციელდება და ეს არის უსაფრთხოების კუთხით ძალიან დიდი გამოწვევა. რამდენადაც ვიცი, ბენზინის და დიზელის გარდა, ფაქტობრივად, არაფერი მოწმდება, შესაბამისად, არ ვიცით, თხევად აირზე მომუშავე ავტომობილისთვის, როგორი ხარისხის საწვავი შემოდის და რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ ვინმე აპირებს შემოწმებას და სად აპირებს, ესეც უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ნოდარ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თხევადი აირი არ იწარმოება და ადგილობრივი ბაზარი მთლიანად მეზობელი ქვეყნებიდან მარაგდება.