
მოლდოვის ხელისუფლება რუსეთს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობებში ადანაშაულებს. მოსკოვში კი პირიქით აცხადებენ, რომ ევროკავშირს „მოლდოვის ოკუპაციის გეგმა" აქვს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის („ეს-ვე-ერი") საგანგებო განცხადებაშია საუბარი. დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება „ეს-ვე-ერ"-მა 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინაც გაავრცელა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატ მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება. პროევროპელი პრეზიდენტი მაია სანდუ რამდნეიმე თვეა აქტიურად აცხადებს, რომ მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებისთვის კრემლმა პროპაგანდა გააძლიერა, რომელიც მიზნად პროევროპული ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც „ტასს"-მა 23 სექტემბერს გაავრცელა, ვკითხულობთ, რომ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მოლდოვაში ჯარების შეყვანის ფორმალური საფუძველი შეიძლება რუსეთის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში შექმნილი ვითარება გახდეს. დასახელებულია სავარაუდო თარიღიც - 30 ნოემბერი.
„ბრიუსელი მოლდოვის ოკუპაციის გეგმებზე უარის თქმას არ აპირებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარება საგარეო ჩარევას არ მოითხოვს. ჯარების განლაგება მოგვიანებით იგეგმება. საბაბის მოძებნის მიზნით დნესტრისპირეთისა და რეგიონში განთავსებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა იგეგმება. შესაძლო ვადად 30 ნოემბერი განიხილება, როდესაც დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში არჩევნები ტარდება", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „ამ ეტაპზე მოლდოვის ოკუპაციის მიზნით ნატო-ს ჯარების თავმოყრა რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს".
„დნესტრისპირეთის დაშინების მიზნით, ნატო-ს დესანტის გადასხმა უკრაინის ოდესის ოლქში იგეგმება. არსებული მონაცემებით, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეების პირველი ჯგუფი იქ უკვე ჩავიდა. ეს სცენარი რუმინეთში ნატო-ს სამხედრო წვრთნების დროს არაერთხელ დამუშავდა და შესაძლოა, მოლდოვაში 28 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მოლდოვის ხელისუფლებას, ევროკავშირს, ან ნატოს რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონიათ.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ასეთი განცხადება საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდეც გავრცელდა - მაშინ რუსეთის საგარეო დაზვერვა აცხადებდა, რომ აშშ საქართველოში „ფერად რევოლუციას" ამზადებდა.
„ამერიკელები წინასწარ ამუშავებენ ვარიანტებს, ხელისუფლების მიერ „მოქალაქეების" წინააღმდეგ „გადაჭარბებული" ძალის გამოყენებაზე „დაუნდობელი" პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის გასაცემად", - წერდა „ეს-ვე-ერი".
მოლდოვას არჩევნები
2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 23 პოლიტიკური პარტია და ბლოკი. ამჟამად ხელისუფლებაშია „მოქმედების და სოლიდარობის პარტია" პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმძღვანელობით, რომელიც მხარს უჭერს მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებას, კვლევების მიხედვით, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ოპონენტი „პატრიოტული საარჩევნო ბლოკია" , რომელიც პრორუსული ორიენტაციისაა.
ორგანიზაცია „აი-დატა"-ს მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებულმა გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ სანდუს პარტიას ამომრჩეველთა 24.3% უჭერს მხარს, ხოლო პრორუსულ „პატრიოტულ საარჩევნო ბლოკს" - 25.2%.
თუმცა, 12 სექტემბერს გამოქვეყნდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" („აი-ერ-აი) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც სანდუს პარტიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო „პატრიოტულს საარჩევნო ბლოკისთვის" ხმის მიცემას კი ამომრჩეველთა 22% აპირებს.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 22 სექტემბერს მოლდოვაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 74 პირი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისინი 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს მასობრივი არეულობის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი.
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპერაციის უკან რუსეთის სადაზვერვო სამსახურები დგანან, ხოლო ეჭვმიტანილები დაკავშირებული არიან როგორც მოლდოვურ პარტიებთან, ასევე კრიმინალურ დაჯგუფებებთან.
23 სექტემბერს კი სანდუმ ამომრჩევლებს მიმართა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ევროპული მომავალი საფრთხეშია. მისი ცნობით, რუსეთი „ასობით მილიონ დოლარს" ხარჯავს მოლდოველი ამომრჩევლების მოსასყიდად. არჩევნებზე პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში კი მოლდოვა ევროპისგან მოწყვეტილი აღმოჩნდება და შეიძლება უკრაინის ოდესის ოლქის წინააღმდეგ რუსული სამხედრო ოპერაციის პლაცდარმიც გახდეს.
„კლასიკური საინფორმაციო ომი..."
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი,ვახტან მაისაია ამბობს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის გავრცელებული განცხადება „გეოპოლიტიკური ანეგდოტის" კარგი მაგალითია.
„ეს განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის კლასიკური საინფორმაციო ომის პირდაპირი ტექონოლოგიაა - ავრცელებენ ისეთ სისულელეს, რომლითაც საკუთარ მომხრეებს აჯერებენ, რომ ევროკავშირს მოლდოვის წინააღდმეგ სამხედრო გეგმა აქვს. ეს სრული ნონსენსია, ევროკავშირი საერთოდ არ არის სამხედრო გაერთიანება, მათ არ გააჩნიათ სამხედრო ძალებიც კი. როგორ შეიძლება იმ გაერთიანებამ, რომელსაც სამხედრო მართვის სტრუქტურები არ გააჩნია, დაგეგმოს სამხედრო ოპერაცია?! ვფიქრობ, ეს ალოგიკურია", -განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, რუსები მოლდოვის მოსახლეობაზე მუშაობენ და გაუცნობიერებელი მოსახლეობის ნაწილში შიშის დამკვიდრებას ცდილობენ:
„ისინი მუშაობენ მოლდოვის იმ მოსახლეობაზე, რომლებიც ჭოჭმანობს, პროდასავლურ და პროევრაზიულ ძალებს შორის ვის მისცეს ხმა და ამკვიდრებენ შიშს, გაუცნობიერებელ მოსახლეობის ნაწილზე."
„რეზონანსთან" საუბრისას მაისაიამ 2024 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩვებამდე რუსეთის მიერ გავრცელებული განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ესეც საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითია:
„დიახ, ეს არის საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის კლასიკური მაგალითი. რუსეთი აქტიურად იყნებეს ამ ინფორმაციული ომის ყველა ატრიბუტს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ შემოაბრუნოს ვითარება მისთვის სასურველი კუთხით, ეს არის გეოპოლიტიკური ანეგდოტი".