
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნას ეხმაურება. როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, პროფესორი კარტოზია ყოველთვის იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი.
"მინდა, გულითადად მივულოცო პროფესორ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნა. ის ფაქტი, რომ პროფესორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, დიდ პატივისცემას იმსახურებს როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენი - "დამსახურების ჯვარი" მიენიჭა, ბევრს ამბობს იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ დანიშვნას. არ არსებობს გერმანიასთან დაკავშირებული არცერთი ქართველი ან საქართველოსთან დაკავშირებული არცერთი გერმანელი, რომელმაც არ იცის მისი როლი ორი ქვეყნის ურთიერთობებში. სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ პროფესორი კარტოზია ყოველთვის იყო საქართველოს ელჩი გერმანიაში, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი. ეს პირადი და აკადემიური კვალიფიკაცია უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს ნებისმიერი ელჩისთვის, რათა იყოს ნამდვილი ხიდი და არა კედელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში.
სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად მიუღებლად დაბალ ნიშნულზეა. ის უნდა დაუბრუნდეს შესაბამის დინამიკას, 1990-იან წლებში ჩაყრილ საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ლეგიტიმაციის პრინციპების ურთიერთპატივისცემას", - წერს შალვა პაპუაშვილი.