
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ისაუბრა და „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, არ არსებობს ადამიანი ან გუნდი, რომელიც გამოწვევებს უფრო სწრაფად და ხარისხიანად უპასუხებდა.
შალვა ოგბაიძემ ოპოზიციას მოუწოდა, არ მისცენ ამომრჩევლებს ცრუ დაპირებები.
„ჩემს სამაჟორიტაროში ვერ ვნახე ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ გამოწვევას უფრო სწრაფად და ეფექტიანად უპასუხებდა, ვიდრე ჩვენ. ჩვენი გუნდი 24 საათი ქალაქის სამსახურშია, თუმცა გამოწვევები კვლავ ბევრია. ყველა საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება. ოპოზიცია კი, რომელიც ავჭალაში ზოგიერთ ქუჩას ნავიგაციის გარეშე ვერ აგნებს, გაკეთებული საქმეების ნაცვლად მხოლოდ ნაკლს ხედავს. ისინი ამომრჩევლებს ცრუ დაპირებებს აძლევენ. ისინი იძლევიან დაპირებებს, მაგრამ არ ამბობენ, როგორ შეიძლება ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.