რეზონანსი
23.09.2025

კუპრაძე მერად შეუძლიათ სიზმარში ნახონ და მერე რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ მერად არჩეული - ფანტაზიებში არიან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების - ალეკო ელისაშვილისა და ირაკლი კუპრაძის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აგონიაში არიან რევოლუციონერი „ნაცებიც" და არჩევნებში მონაწილე „ნაცებიც".

„ერთი მეორეზე უარეს განცხადებებს აკეთებენ. ის, რაც ელისაშვილმა თქვა და მერე კუპრაძემ დაამატა, რა თქმა უნდა, ფანტაზიებსაც კი აღემატება. ანუ, გამოდის, რომ საზოგადოებას ეუბნება, მათ შორის, მერიებში მომუშავე ადამიანებს, რომ „ამირჩიეთ მერად და მერე თქვენ გაფიცვის საშუალებას მოგცემთ". ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას შეჰპირდეს, თუ კალაძე, ვთქვათ, ერთ სკვერს გააკეთებს, მე ორს გავაკეთებ და ა.შ., ამბობს, ყველაფერს გავაჩერებო. ეს ხალხი ამბობს, ჩვენ არამც თუ უკეთესად გავაკეთებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, არამედ საერთოდ გავაჩერებთ იმას, რაც არისო. ელისაშვილს წამოსცდა კიდეც, რომ გავიღვიძოთ იქნებ კუპრაძე იყოს მერიო. ნუ, ფანტაზიებში არიან. ერთადერთი, კუპრაძე მერად შეუძლიათ სიზმარში ნახონ და მერე რომ გაიღვიძებენ, კალაძე დახვდებათ მერად არჩეული," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა: „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ" ბაირამ-დუდუკში. გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა. წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×