
თბილისის მერის არჩევნებზე „ლელოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის გამარჯვების შემთხვევაში, ის მერიის საქალაქო სამსახურების გაფიცვას გამოაცხადებს - „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ამ განცხადებას ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილშიც კი მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. ანალიტიკოსები კი მის ამ მოსაზრებას „წარმოუდგენელსა" და „არაადეკვატურს" უწოდებენ.
„მაპატიეთ და ასე უპრაკუნოდ განცხადებების კეთება პირიქით, მათ აზარალებთ. შეიძლება მათ მხადამჭერებზე ასე არ იმოქმედოს, მაგრამ „ოცნების" პროპაგანდა ამას ძალიან კარგად გამოიყენებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ელისაშვილი, რომელიც თავად თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატადაა წარდგენილი, აცხადებს, რომ კუპრაძის გამარჯვების შემთხვევაში 5 ოქტომბერს „მოქალაქეები სხვა საქართველოში გაიღვიძებენ".
„მივიდეთ ამ არჩევნებზე, არ შემოვხაზოთ ეს კალაძე, დავუდოთ მეორე ტური. მინდა, ყველას ვკითხო... ყველას პატივისცემას ვუდასტურებ, ვისაც უნდა მათი დამარცხება. უბრალოდ, მე მინდა გკითხოთ - თეორიების დაშვებით ვილაპარაკოთ, თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ" ბაირამ-დუდუკში, ხომ ვიღვიძებთ სხვა საქართველოში? გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის - აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა... წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან. მოდით, დაშვებები გავაკეთოთ, არ გვინდა მარტო ლანძღვა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მანამდე თავად კუპრაძემ განაცხადა, რომ მერად არჩევის შემთხვევაში 5 ოქტომბრიდან ყოველდღე დანიშნავს თბილისში სანქცირებულ აქციებს:
„პირობას გაძლევთ, როგორც თბილისის ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, არაფრის არ შემეშინდება, რომ რუს მთავრობას, რუს მერიას პასუხი გავცე. ეს არ ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპეტენტურად ასრულებენ საკუთარ საქმეს. წარმოვიდგინოთ, რომ 5 ოქტომბრიდან ოპოზიციონერი, პროდასავლელი მერი ყოველ საღამოს ნიშნავს სანქცირებულ აქციას, მე დავნიშნავ სანქცირებულ აქციას იმ მხარდაჭერის მოსაპოვებლად და 40 000 საჯარო მოხელე იქნება თავისუფალი, თბილისელების ხელფასებიდან მინიმუმებით შეკოწიწებული ბიუჯეტი მოხმარდება ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს", - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
ელისაშვილის განცხადებას, თბილისის მოქმედი მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, წარმოუდგენელია მერობისთვის იბრძოდე და მუნიციპალიტეტის მუშაობის შეჩერება გინდოდეს.
„წარმოუდგენელია ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ ის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია, ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ. ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს - წარმოგიდგენიათ? უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, უნდა შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ადამიანების მხარდაჭერა, რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამებით ახორციელებს. უნდათ შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ის გამომპალი, ყვითელი ავტობუსები, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემსახურებოდა, ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო. წარმოუდგენელია, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ვისმენთ. შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი, მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში და 4 ოქტომბერს ყველას შესაბამის პასუხს გასცემს ამომრჩეველი", - განაცხადა კალაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძის აზრით, „ლელოსა" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" მხადამჭერებზე ელისაშვილის განცხადება, ასე თუ ისე, ნეგატიურად იმოქმედებს.
„ვფიქრობ, ეს განცხადება სრულიად არაადეკვატურია, როგორც სხვა მრავალი, რაც ბოლო პერიოდში მოგვისმენია მისგან. უსაფუძვლო და რეალობისგან მოწყვეტილი განცხადებებია. ცხადია, არავითარი საყრდენი ამას არ აქვს.
„პირდაპირ ვთქვათ, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანზე, რომელსაც რეალობასთან შეხება არ დაუკარგავს, რა თქმა უნდა ეს განცხადება იმოქმედებს. „რეებს ლაპარაკობს, რა სისულელეებს ამბობსო", - იტყვიან", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია რას გულისხმობს ელისაშვილი. მისივე აზრით, ხელისუფლება ამას კარგად გამოიყენებს.
„ცოტა წარმოუდგენელია ეს. რას ნიშნავს გაფიცვას გამოაცხადებს? რას იზამს, თანამშრომლებს დაითხოვს სამსახურებიდან? ამას გულისხმობს? მთელ სამსახურებს ხომ არ გააჩერებს და გააუქმებს? როცა პოლიტიკოსი ასეთ განცხადებას აკეთებს, აუცილებლად დამატებითი ახსნა უნდა მოაყოლოს, რადგან გაუგებარია. თუ გაიმარჯვა - გაიფიცება. კი, მაგრამ, რატომ?
„კი, მესმის, რომ აუდიტის სამსახური მოიწვიოს, რათა გაიგონ რა ხდებოდა იქამდე, იყო თუ არა ხარჯები კანონიერად და ა.შ. მაგრამ ეს გაფიცვა რა არის? თუ ქალაქში ყველაფერი შეჩერდება, რას მოიტანს ეს? რა მიზანი აქვს ამას, ვერ გავიგე. თქვას მაინც როგორ აპირებს ამას.
მაპატიეთ და ასე უპრაგუნოდ განცხადებების გაკეთება პირიქით, მათ აზარალებთ. შეიძლება მათ მხადამჭერებზე ასე არ იმოქმედოს, მაგრამ „ოცნების" პროპაგანდა ამას ძალიან კარგად გამოიყენებს. თუნდაც იმისთვის, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".