
ბოლნისის მაგალითზე თვითშანტაჟის სცენას დგამენ - იმდენად სუსტი კანდიდატები ჰყავთ, ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის სჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას, ფაქტობრივად, საარჩევნო კამპანია არ გააჩნია.
„მათ კანდიდატებიც კი არ ჰყავთ და სადაც ჰყავთ დაყენებული მერობის კანდიდატი, უნდა წარმოიდგინოთ, რაოდენ სუსტი კანდიდატი ჰყავთ, ამიტომ არანაირი ზეწოლა, შანტაჟი, მოსყიდვა არავის არ სჭირდება საერთოდ. უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი ხვდება, რომ მისი ადგილი თურმე, იქ არ ყოფილა და ცდილობს, ამას გაერიდოს. ამიტომ გაერიდა ბოლნისში მათი კანდიდატიც. რაც შეეხება მოსყიდვას, შანტაჟს და ა.შ. - მათ მართლა ჰქონდათ ამის დიდი მცდელობა, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებში, იქნებ ვინმე, ერთი პირი, რიგითი მაინც მოესყიდათ და ამით რაღაცა დროებითი პროპაგანდა აეგორებინათ. ვერ აკეთებენ ამას. არ არსებობს ეგეთი მოცემულობა, ამიტომ ახლა ბოლნისის მაგალითზე თვითშანტაჟის სცენას დგამენ," - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს" ბოლნისის მერობის კანდიდატმა, საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების" კანდიდატის, ზამურ ჭითანავას სასარგებლოდ მოხსნა. პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ ასეფ ჩირაგოვის წინააღმდეგ მოსყიდვის, მძიმე წნეხის და შანტაჟის მცდელობა განხორციელდა.