
ქვეყანაში, წლების განმავლობაში, იხარჯებოდა თანხები იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი -ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, „პოლიტიკური ციკლი აჩვენებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური ინტერესები ქართული ოპოზიციის საშუალებით ტარდება".
მისივე თქმით, ოპოზიციის აღნიშნული წარმომადგენლები „მარიონეტები არიან და ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა".
„მარიონეტები არიან. ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა - ქვეყანაში, წლების განმავლობაში, იხარჯებოდა თანხები იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის სჭირდებოდათ ეს ქსელი? იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ, თავად იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი, არამედ თვითონ - გლობალური ომის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. იმ აგენტურის საშუალებით, რომლის შესაქმნელადაც ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ა.შ. გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა", - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, უსიამოვნოა ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, „გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ისმის".
„არ ვიცი, რამდენად გამოსწორდებიან. უკვე ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველი დაპირება რაც გასცა, „დიფ სთეითის" დამარცხება იყო, მეორე დაპირება კი ომის დასრულება. ჯერ არც ერთი დამთავრებულა და არც მეორე არ დაუმარცხებია. პროცესი მიდის, რაშიც ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. რა თქმა უნდა, თუ ეს მართლა ასე მოხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლო, საქართველო გვადარდებს, რადგან ის არასწორი დამოკიდებულება, რაც აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს გარედან - მათი ყველა განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებითაა შემოფარგლული, არასასიამოვნოა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და სამართლიანი დამოკიდებულება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით", - აღნიშნა თბილისის მერმა.