
"აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა", - ამის შესახებ "ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი ასეფ ჩირაგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, ძალიან მალე დარწმუნდა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, მისი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ.
"საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია "ლელომ" ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.
სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ ქართული ოცნების კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.
სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა.
დღესდღეობით ნამდვილად არ არის კინკლაობისა და უშინაარსო პოლიტიკური დაპირისპირების დრო, ახლა ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაზეც განვითარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის", - წერს ასეფ ჩირაგოვი.