რეზონანსი
22.09.2025

პრემიერ-მინისტრი ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული ხიდის სამშენებლო სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო. ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზასთან ერთად, 5 ხიდი და 5 გვირაბი შენდება. გზის გახსნის შემდეგ, კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება. ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად ისარგებლებს საჭირო სერვისებით, მგზავრობა კი უფრო უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, გადაადგილებისთვის საჭირო დრო შემცირდება და ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი.

სამუშაოების საერთო ღირებულება მილიარდ ლარს აჭარბებს. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025-2026 წლებში იგეგმება.

პრემიერმა, განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა დუშეთში, ახლად რეაბილიტირებული, ნომერ მეორე საჯარო სკოლა. სასწავლო დაწესებულებაში განათლებას 600 მოსწავლე იღებს. ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, შიდა და გარე სპორტული მოედნები. ლაბორატორიები- მოსწავლეებს აქ ცოდნის მიღების ყველა შესაძლებლობა აქვთ. სამუშაოები განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და ღირებულებამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა მცხეთის მუზეუმი დაათვალიერა. მუზეუმის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით, საგამოფენო სივრცეებში ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა ინახება. სამუზეუმო სივრცეებში ციფრული ფორმით ქრისტიანული პერიოდის ნიმუშებთან ერთად, მცხეთის არქეოლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული მასალებია წარმოდგენილი.

მცხეთის მუზეუმში არმაზისა და ქსნის არქეოლოგიური ბაზები გაერთიანდა. მოეწყო ველზე მოპოვებული მასალის დამუშავებისა და რესტავრაცია-კონსერვაციისტის საჭირო ლაბორატორიაც. განახლებული კონცეფციით ამ დროისთვის მუზეუმის სისტემების გამართვა, ფონდებზე მუშაობა და პერსონალის შერჩევა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×