
,,რთველი 2025" აქტიურ ფაზაში შევიდა. სახელმწიფო აგრძელებს მევენახე-ფერმერების მხარდაჭერას ყურძნის მოსავლის შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით. მთავარი აქცენტი ყურძნის ხარისხზე კეთდება. როგორც ცნობილია, შეიცვალა მიდგომაც და კახეთის ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმომ, შპს ,,მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს.
სახელმწიფო მხარდაჭერა 20 ათასზე მეტ მევენახეს ეხება. როგორც ფერმერები აცხადებენ, უპრეცენდენტო დახმარებაა, როცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უშუალოდ ჩართულია რთველის მიმდინარეობის პროცესში, ადგილზე ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და ეხმარება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რამაც წლევანდელი სეზონის წარმატება უნდა უზრუნველყოს.
ცნობილია, რომ ,,მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1 ლარად და 50 თეთრად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონით ნებადართულ - საღვინე ჯიშების ყურძენს - 1 ლარად და 20 თეთრად, დაზიანებულს და ასევე არაკონდიციურ ყურძენს - 1 ლარად ჩაიბარებს.
22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 ათასი ტონა ყურძენი. ამ ეტაპზე, მოსავლის დაბინავება დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
ღვინის საწარმოებს ყურძენი 6500-მდე მევენახემ ჩააბარა. საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 40 ათას ტონამდე -რქაწითელი, 37,5 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 450-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან. აქედან 183 რთველის პროცესში უკვე ჩართულია.
მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ადგილწარმოშობის ღვინოებს, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარას“ წარმოების ხელშეწყობა პრიორიტეტია. მტავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის რთველის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.
რთველის მიმდინარეობის პარალელურად ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყოფი ღონისძიებებიც აქტიურად ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შატო „ზეგაანში“ გაიმართა, სადაც დიპლომატებმა ყურძნის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და საწნახელში ყურძნის დაწურვაში ჩაერთნენ. სტუმრებმა ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშებიც დაათვალიერეს და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.
„დიპლომატიურ რთველში“ აგრეთვე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მონაწილეობდნენ.
გარდა ამისა, მინისტრი გურჯაანში, საკოორდინაციო შტაბში, კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო. დავით სონღულაშვილმა ოპერატიული ინფორმაცია მოისმინა გადამუშავებული ყურძნისა და მოსავლის დაბინავების შესახებ.
„ახლა კახეთში რთველია, ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი პერიოდი საქართველოსთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ელჩების ვიზიტი კახეთში. ისინი ადგილზე გაეცნენ როგორც რთველის მიმდინარეობის პროცესს, ასევე 8000-წლიანი ისტორიის მქონე უძველეს ტრადიციას, რომელიც არ არის მხოლოდ მოსავლის აღება, ეს არის ქართული კულტურის, ქართული იდენტობის ნაწილი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, „ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან, უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო.
„რთველი მევენახეებისთვის და მეღვინეობის დარგისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რადგან სწორედ ახლა იქმნება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტი – ქართული ღვინო. ჩვენ წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია ყურძნის ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მევენახეები ინფორმირებულები იყვნენ, რომ კონდიციურ და ხარისხიან ყურძენში ისინი მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ. რთველი ახლა იკრეფს ძალას. ამ ეტაპზე გადამუშავებული ყურძნიდან, უდიდესი წილი სწორედ კონდიციური და ჯანსაღია, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლის მოსავლის ქართული ღვინო იქნება საუკეთესო. ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას სწორედ მისი ხარისხი და უნიკალურობა განსაზღვრავს. საქართველო ღვინის სამშობლოა, ქართული ღვინო კი, უდავოდ უნიკალური; სწორედ ამიტომ გვაქვს ამბიცია, ვაწარმოოთ ხარისხიანი და მოთხოვნადი ღვინო“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
რაც შეეხება რთველში მონაწილე ფერმერებს, სექტორში განხორციელებული ცვლილებით უმეტესობა მათგანი კმაყოფილია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თუკი ვინმეს ხარისხთან დაკავშირებით თუნდაც მცირე პრობლემა ჰქონდა, წელს შესაძლებლობა აქვთ, რეალიზაციის საშუალებით გადაფარონ ისე, რომ დანაკარგი არ დარჩეთ და შემოსავლების გარკვეული ზრდაც მოახერხონ. ამის გარანტია მევენახეებმა უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს და მოსავლის აღება-ჩაბარების პროცესში აქტიურად არიან ჩართული.
რთველის წლევანდელი სეზონი ,,რეზონანსთან" მევენახე ფერმერმა გიორგი ნატროშვილმა შეაფასა.
,,მევენახეებს იმდენად დიდი დახმარება აქვთ სახელმწიფოს მხრიდან, რეალურად წარმოუდგენელია, რომ ამაზე მეტი გაკეთდეს. ვისაც გადამუშავების საშუალება არ აქვს, შეუძლია დანაკარგის გარეშე გაყიდოს მოსავალი, ზოგიც თვითონ გადაამუშავებს, რამდენიმე ასეთი მცირე საწარმოა კახეთის რეგიონში, რაც ასევე მთავრობის ხელშეწყობით შეიქმნა. რეალიზაციის ეს ფორმა ყველასთვის მისაღებია. მოსავლის მცირე ნაწილი, ყურძნის დაახლოებით 2-3% აგრარულ ბაზრებში იყიდება, დანარჩენი ტექნიკურ გადამუშავებას გადის.
სეზონის წარმატება დიდწილად ბუნებაზეა დამოკიდებული, ზოგან დაისეტყვა, ზოგან გვალვა იყო, ბოლო დროს წვიმიანი ამინდიც გახშირდა, რის გამოც შაქრიანობა დაწეულია და ცოტათი გადაიდო რთველი, თუმცა ვისაც ვენახი დაუზიანდა, სახელმწიფო ბოლომდე მხარში უდგას, დაზღვევის სისტემაც წარმატებით მუშაობს. სახელმწიფომ სარწყავი სისტემაც მოაწესრიგა, არც ამ მხრივ არის პრობლემა. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შექმნილი, რომ ფერმერი საკუთარ თავს და ქვეყანას ემსახუროს, გაზარდოს შემოსავალი და კეთილდღეობა გაიუმჯობესოს", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი ნატროშვილმა.
გურჯაანელი ფერმერის, ილია პიტუაშვილის თქმით კი, ასეთი ორგანიზებული რთველი აქამდე არ ყოფილა როგორც ფასის, ასევე მოსავლის ჩაბარების მხრივ, რაშიც გლეხებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ.
,,ორგანიზებული რთველია, ყველა პროცესი წარმატებით ხორციელდება, რაც მსოავლის აღებას და ჩაბარების სამუშაოებს უკავშირდება. მარნები ყველგან არის კეთილმოწყობილი, რიგი არ დგას და ხალხს თავისუფლად შეუძლია მოსავლის ჩაბარება. ხარისხიც მისაღებია და ფასიც, დაზიანებული ყურძენი გადამამუშავებელ წარმოებაში მიდის.
ვისაც შრომა არ ეზარება, შეუძლებელია მან შედეგი და სარგებელი ვერ მიიღოს. იმდენად საუკეთესო ვითარებაა, რომ ხელოვნურადაც ვერ ააგორებენ პრობლემას. წლევანდელი სეზონი ნამდვილად გამორჩეულია, არანაირი შეფერხება არ შექმნილა და ვფიქრობთ, ბოლომდე ასე გავაგრძელებთ", - აღნიშნა ფერმერმა ,,რეზონანსთან" საუბრისას.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელ ხაზზე – 0322 193 283.
