
შემუშავდა ისეთი კანონპროექტი, რომელიც გამორიცხავს და მინიმუმამდე დაიყვანს ადამიანების „ცდუნების“ შესაძლებლობას, რომ თანხები მიითვისონ, - განუცხადა „ქრონიკას“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, სამოხელეო დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებს 30 წლის განმავლობაში ექნებათ ვალდებულება, ნებისმიერი ქონებრივი ტრანზაქციები იქნება თუ გადარიცხვები, შესაბამისი ინფორმაცია წარადგინონ. გორდულაძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია საჯარო იქნება.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში“ შესატანი ცვლილებები ბიუროზე წარადგინეს. ინიციატივა ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ცვლილების მიხედვით, სამოხელეო დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს ვალდებულება ექნებათ ანტიკორუფციულ ბუროს ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ყოველწლიურად, 30 წლის განმავლობაში წარუდგინონ. მმართველი გუნდის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია და ცვლილებებს პრევენციული ხასიათი აქვს.