
"ლელო - ძლიერი საქართველო" არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ "უკომპრომისო ბრძოლას აპირებს". პარტიაში ამბობენ, რომ თბილისში ყველა საარჩევნიო უბანზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ და ვეღარავინ "ვეღარ გაბედავს" იმ უბანზე შევიდეს და ხმა მისცეს, სადაც რეგისტრირებული არ არის.
"ოპოზიციას არცერთ მუნიციპალიტეტში არ შეუძლია არც მერის და არც საკრებულოს არჩევნების მოგება",- ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
გახარია-ხაზარაძის პარტიების თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს "არ იქნება სამართლიანი არჩევნები", თუმცა, "ყველა ველზე იბრძოლებენ".
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით,საარცევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღება სპეციალურად გამოყოფილი ადგილიდანაა შესაძლებელი,გადაღების დაწყებიდან 10 წუთის განმავლობაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, ხოლო შემდეგ კამერები განთავსდებიან სულ ცოტა სამი მეტრის გადასაღებ მანძილზე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. რეგულაციები არ ვრცელდება მობილური ტელეფონით გადაღების შემთხვევაში. გადაღების პერიოდი შეზღუდული არ არის. იკრძალება ამომრჩეველთა კაბინის (შიგნიდან) და სამაგიდო სიის გადაღება.
რას ნიშნავს "ლელოს" ინიციატივა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ლელოში სურთ დაამტკიცონ, რომ ბოლომდე იბრძვიან და თითქოს ეს არის "ოცნებასთან" ბრძოლის ყველაზე მისაღები გზა.
"თითქოს სურთ დაამტკიცონ, რომ ბოლომდე იბრძვიან, პრინციპულები არიან და "ქართულ ოცნებას" არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ. თითქოს ამტკიცებენ, რომ სწორედ ეს არის "ოცნებასთან" ბრძოლის ყველაზე მისაღები გზა. როგორმე ხომ უნდა გაამართლონ თავიანთი მონაწილეობა?! მათი ერთ-ერთი ახსნა კამერების დამონტაჟებაა",- განაცხადა ჩიტაძემ.
მისი თქმით, თუ იმ მასშტაბის გაყალბებას ელოდებიან, რომ თბილისის ყველა უბანზე კამერების დამონტაჟებას აანონსებენ, ასეთ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.
"ასეთ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ამით "ოცნებას" ლეგიტიმაციას აძლევ. მაშინ მათ პარლამენტში არშესვლასაც გადაესვა ხაზი.
"ოცნებას" არჩევნების გაყალბება არც დასჭირდება, ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მიდის, "ოცნების" კი მაინც მივა და ხმას მისცემს, ამას "ლელოში" აცნობიერებენ და წინასწარ თავს იზღვევენ, რომ როგორი ბრძოლისუნარიანები არიან და როგორი სტრატეგია აქვთ შემუშავებული. კუპრაძეს ძალიან მცირე შანსი აქვს, შესაძლოა მესამე ადგილზე გავიდეს, საკრებულოში კი 4-5 დეპუტატი გაიყვანონ",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოს პეტრე მამრაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კითხვები აქვს, რამდენად შეუძლია "ლელოს" კამერები დაამონტაჟოს თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე.
"ხაზარაძე და ჯაფარიძე თბილისსა და საქართველოში ცნობილი თაღლითები და მევახშეები არიან, კუპრაძე კი მათ ემსახურება. ფაქტია, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებული არ იყო, ყველგან ყველაფერი წესრიგში იყო და ყველგან, ყველა კომისიაში ამ ანტიეროვნული ძალების წარმომადგენლები იყვნენ, არცერთმა რეალურად რაიმე საჩივარი არ დაწერა. თუნდაც ეუთო-ს ბოლო სხდომაზე შვეიცარიელმა კაცმა ზუსტად და კარგად ილაპარაკა, რომ არაფერი მსგავსი არ იყო.
"ამ ბინძური ცილისწამებით და ტყუილით მდგომარეობას კიდევ ამძიმებენ და თავიანთ თავს კიდევ ერთ დარტყმას აყენებენ. თუ ვინმეს მხარდამჭერი ჰყავდა, ყოველი ასეთი განცხადების მერე სცილდება.
"კამერების დამონტაჟებაზე კი, კითხვები მაქვს - ვის აქვს უფლება კამერა დაამონტაჟოს, თუ ამას სახელმწიფო აკეთებს, შესაბამისი ორგანოების ზედამხედველობით, ეს ერთია, მაგრამ თუ ვიღაცა კერძო აკეთებს იმ კამერას და მერე ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით რასაც უნდა იმას ჩაიწერს, ესეც საკითხავია ჩემთვის.
"შეუძლია კერძო კომპანიას ისეთ ღონისძიებაზე, როგორიცაა არჩევნები, კამერა თავად დაამონტაჟოს? ამათ რომ კამერების ჩამოგდება და გაფუჭება ეხერხებათ, ეს უკვე ვნახეთ, მაგრამ რა უნდა დააყენონ - ამაზე კითხვები მაქვს",- განაცხადა მამრაძემ.
რას ამბობენ "ლელოში"
„ძლიერი საქართველოსა" და „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯება ის, ვინც ხმის მიცემას შეეცდება იმ უბანზე, სადაც რეგისტრირებული არაა. მისივე თქმით, პარტია არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აპირებს.
"ჩვენ ველოდებით რომ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება სამართლიანი არჩევნები. ეს არჩევნები არ არის უკვე სამართლიანი იმ პირობებში, როცა პოლიტიკური ლიდერები საპატიმროში სხედან. მარტივი მოცემულობაა - ჩვენ ვიბრძოლებთ ყველა ველზე. მათ შორის, თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს, რომლითაც აღვწერთ რეალურ გაყალბებას, რასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებს. რაც 2024 წელს 20-მა პროდასავლურმა პარტიამ ვერ შეძლო, რომ დაეყენებინა კამერები ან გამოგვეთხოვა სამაგიდო სიები, ჩვენ ახლა ერთი პოლიტიკური პარტია ვახერხებთ ამას.
"თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სრულყოფილად აღწერს ყველა იმ პირს, რომელიც საარჩევნო უბანზე შევა. აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, აბა, გაბედოს ვინმემ რომ შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის.
"ყველას ჩანაწერი ფიზიკურად გვექნება ჩვენ და სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან ის პირები, რომლებიც შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არ არიან ჩაწერილი, შევლენ იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ერთხელ უკვე ნაყოფები არიან. გაყალბების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, ამას შევძლებთ," - განაცხადა კუპრაძემ.