
ყველა ორმხრივი მოლაპარაკების დროს შეერთებულ შტატებს განუწყვეტლივ ეცნობება, რომ ავღანეთის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უმთავრესია, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „თალიბანის" ხელისუფლება ავრცელებს. „თალიბანის" მტკიცებით, აშშ-მა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში.
„უნდა გავიხსენოთ, რომ დოჰას შეთანხმების თანახმად, შეერთებულმა შტატებმა აიღო ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას ან არ დაიმუქრება ძალის გამოყენებით ავღანეთის ტერიტორიული მთლიანობის, ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ და არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
„თალიბანის" განცხადებით, აუცილებელია, რომ შეერთებული შტატები ერთგული დარჩეს თავისი ვალდებულებების მიმართ.
„შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ წარსული წარუმატებელი მიდგომების გამეორების ნაცვლად, საჭიროა რეალიზმისა და რაციონალურობის პოლიტიკის გატარება", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ცუდი რაღაცები" მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზაზე კონტროლს შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს.
„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ამშენებელს, ცუდი რაღაცები მოხდება!!!", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. ასევე, მან პარასკევს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ავღანეთის წარმომადგენლებთან საუბრობს.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ შესაძლოა ტრამპის მიერ ავღანეთით დაინტერესება ორ მნიშვნელოვან მიზეზმა განაპირობა და ეეჭვება, რომ აშშ-მ ბაზის დაბრუნება მოახერხოს.
„არ ვიცი ტრამპის განცხადება ბაზის დაბრუნებასთან დაკავშირებით, თუ რას ეფუძნება, მაგრამ, სავარაუდოდ, აქ ასეთი ვარიანტია - შეიძლება ის აპირებს ამ ბაზის განადგურებას, რომელიც ალბათ საჰაერო დარყმის გზით მოხდება, ან სარაკეტო, რომელიც განხორციელდება ინდოეთის ოკეანიდან არსებული საზღვაო დაჯგუფების მეშვეობით. სახმელეთო ოპერაცია გამორიცხულია.
„ანუ ორი გზაა: საჰაერო ან საზღვაო ოპერაციები. მე ბაგრამის ბაზაზე თავის დროზე ნამყოფი ვარ და ვიცი, რომ საკმაოდ სერიოზული ბაზაა. ის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირამდე არის გაკეთებული და შემდეგ სსრკ-მა უფრო განავითარა და ბუნებრივია, ამერიკელებმაც დიდი რესურსი ჩადეს.
თვითონ ამერიკელებს აქვთ ძალიან საინტერესო კონსტრუქციები შექმნილი და ის სერიოზულ დარტყმებსაც უძლებს. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს ტრამპის განცხადებები, ჩემთვის გაურკვეველია. საერთოდ მას ახასიათებს ასეთი რაღაცები, რაღაცას ისვრის ხოლმე და მერე მგონი ავიწყდება.
ალბათ ეს გაკეთებულია ეფექტის შესაქმნელად, შანტაჟსაც ვერ ვიტყვი. რატომ დაინტერესდა ამერიკა ავღანეთით, ესეც საინტერესო ფაქტია. მგონია, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს გააჩნიათ ინფორმაცია, რომ იქ „ალქაიდას" დაჯგუფებამ და მექსიკურმა ნარკოკარტელურმა დაჯგუფებამ შექმნეს ალიანსი და ამერიკას სურს, ავღანეთში საკუთარი სამხედრო კონტიგენტი ჰქონდეს, რათა სიტუაცია გააკონტროლონ.
თან თალიბანის შიგნით არიან რადიკალურად განწყობილი ჰაკანის ჯგუფი და მას აქვს კავშირები ჯიჰადისტურ დაჯგუფებებთანაც. როგორც ჩანს, ამ ყველა ინფორმაციაზე ამერიკას წვდომა აქვს და ეს გახდა ტრამპის განცხადებების მთავარი მიზეზი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".