თამთა ჩაჩანიძე
22.09.2025

პარლამენტის თავმჯდომარე ტყუილს უწოდებს ყოფილი თანაგუნდელის და იურისტის ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ვახტანგ გომელაური მაკონტროლებლად დაუნიშნა სუს-ის უფროს მამუკა მდინარაძეს და პრემიერ ირაკლი კობახიძეს. თუ რა სტატუსით იმყოფება ყოფილი შს მინისტრი "ოცნებაში", ამის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარტიული საქმიანობით დაკავებული არაა, თუმცა ბესელია არ გამორიცხავს, რომ არჩევნების უსაფრთხოების საკითხს კურირებდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიით გავრცელდა ფოტო, სადაც მდინარაძესთან ერთად გომელაური და კიდევ ერთი პირი ჩანს, ფოტო საუბრის მომენტშია გადაღებული. პაპუაშილი ადასტურებს, რომ გომელაურთან კომუნიკაცია არის, თუმცა ეს პარტიულ საქმიანბას არ ეხება.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს კითხვას, თუ სად არის ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მისი თქმით, "ის პოლიტიკიდან დისტანცირდა".

გომელაურის თემა

„ბესელიამ რა იცი, საიდან იცის. არ არის ის პარტიული საქმიანობით დაკავებული. ასე რომ, ამ მხრივ, კავშირი პარტიული საქმიანობისა არ არის. რა თქმა უნდა, აქვთ [კომუნიკაცია], მათ შორის, თქვენ ნახეთ, ახლახან, ერთ-ერთი ფოტოც იყო. ასე რომ, რა თქმა, უნდა, კომუნიკაცია არის. მოკლედ, პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი.

"რაც შეეხება გავრცელებული ფოტოს სიუჟეტს, მგონი, იქ ცოტა სხვანაირი სიუჟეტია. კონტროლთან არ ვიცი, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ არანაირი, ადამიანური ურთიერთობები არსებობს და ეს არანაირად კავშირში... უყურეთ, მე, მათ შორის გახლავართ პარტიის პოლიტიკური მდივანი, პარტიას თავმჯდომარე ჰყავს, ყველა ვჩანვართ პარტიაში ვინც ვართ, ვინც აქტიურად ვსაქმიანობთ პარტიაში და პარტიული საქმიანობით ვართ დაკავებული. თუ გინდათ, მე მენდეთ და თუ გინდათ, ეკა ბესელიას ენდეთ. ეკა ბესელია იტყუება, რაც არაერთხელ გაუკეთებია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ სად არის ირაკლი ღარიბაშვილი.

„ის დისტანციადა პოლიტიკიდან. მისივე განცხადება იყო, შესაბამისად, საჯაროდაც არ ჩანს. ის არც იყო საჯარო ღონისძიება, სადაც თქვენ ის ნახეთ. იყო კერძო ღონისძიება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

კორუფციასთან ბრძოლა

პაპუაშვილმა შეაფასა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილება, რომლის ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.

"არავის ჰქონდეს იმის მცირე იმედიც კი, რომ ხალხის ფულს მოიპარავს ან საკუთარ თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ თავად ფინანსური სარგებელი ნახოს და შეგუებული იყოს ნაწილობრივ იმას, რომ შეიძლება მხილებული იქნას რაღაც მომენტში და გარკვეული წელი გაატაროს ციხეში და ამ წლების შემდეგ გამოვა, გადამალულ ფულს გამოაჩენს და გამოიყენებს - ამ იმედით არავინ უნდა იყოს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვა

ვრცელდება ვიდეომიმართვა, სადაც აშშ-ში მყოფი გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს საგანგებო განცხადებით მიმართავენ და მოუწოდებენ, "წამოვიდნენ და წამოიღონ თავიანთი წილი ღირსება" და "ემსახურონ საქართველოს".

პაპუაშვილის თქმით, „შაიშმელაშვილს არა აქვს კავშირი მუნდირის ღირსებასთან, რასაც ადამიანი უნდა იცავდეს როგორც ფორმაში ყოფნის დროს, ასევე მას შემდეგ რაც ფორმას გაიხდის და სამოქალაქო პირი გახდება". ამბობს, რომ ბრძანებას ხელმძღვანელი გასცემს და არსებობს მისი შესრულების ვალდებულება.

„კარგია, რომ ასეთი ღირებულებაწაშლილი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არ არის - ის ჩვენი საზოგადოების ნაწილი არ უნდა იყოს. იყოს იქ სადაც არის! ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ფორმა ერთხელ მაინც ეცვა, მოუწოდებს სხვა ფორმაში მყოფ ადამიანს რომ კანონის არ დაემორჩილოს, გააზრებული არა აქვს თუ რას ნიშნავს გეცვას ფორმა და იყო სამხრეების ქვეშ. ის, რომ შენი ქვეყნის იმ გმირებს, რომლებიც ფორმას ატარებენ და სამხრეების ქვეშ არიან, მოუწოდო, რომ კანონს არ დაემორჩილო, არის ვერგააზრება იმისა, თუ რას ნიშნავს სახელმწიფო.

"აინტერესებთ არა კანონიერება ან უკანონობა, არამედ ხელისუფლებაში ძალადობით მოსვლა, რადგან ქართველ ხალხს ვერ მოატყუებენ და ხელისუფლებაში ძალადობით ვერ მოვლენ", - განაცხადა პაპუაშვილმა

4 ოქტომბრის აქცია

პაპუაშვილის თქმით, "არანაირ გულანთებულობებზე საუბარი არ არის - საქართველოში ძალადობრივი აქციები სხვადასხვა სქემებისა და წყაროების გამოყენებით დიდწილად უცხოეთიდან ფინანსდებოდა - ვინც ექსტრემიზმს უჭერს მხარს, ის ტერორიზმს მოიმკის საკუთარ ქვეყანაში!".

ამბობს, რომ „ხელისუფლების ძალადობრივი გზით შესაცვლელად ფული ჩადებული იყო გარედან და შიგნიდან, მაგრამ როგორც ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ". როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას სახალხო მხარდაჭერა არა აქვს და ქვეყანას უცხოელების იმედად ვერ აატრიალებენ.

"პროკურატურის გამოძიებით თუ სხვა წყაროებიდან ვხედავთ სქემას, რომლითაც ძალადობა ფინანსდებოდა. ერთი, ეს იყო უცხოური ფული. აღჭურვილობის შეძენა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ფულით ხდებოდა...

„ნაციონალური მოძრაობა" უკვე ღიად აცხადებს, რომ არის ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომლის მიზანია ხელისუფლებაში ძალადობრივი გზით მოსვლა. ძალიან ახლოს დავაკვირდები ამ დაჯგუფების მიმართ უცხოელების დამოკიდებულებას.

„ნაციონალური მოძრაობა" „ევროპის სახალხო პარტიის" წევრად რჩება, რომელმაც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. აბსოლუტური სკანდალია - რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როცა „ევროპის სახალხო პარტია", რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს",-განაცხადა პაპუაშვილმა.

სამადაშვილის განცხადება

„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ყველა ვინც არ მივა თვითმმართველობის არჩევნებზე, ეხმარება ბიძინა ივანიშვილს". რაზედაც პაპუაშვილი ამბობს, რომ სამადაშვილი "ვერ გარკვეულა". ის იმ პარტიაშია, რომელიც ამბობს, რომ „არჩევნებიც უნდა იყოს და შემდეგ დამხობაც უნდა იყოსო და ზოგადად, სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ".

ელჩები

პაპუაშვილი აცხადებს, რომ ორშაბათს საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა. ელჩის "განწყობიდან გამომდინარე" კი პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია ორი ქვეყნის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. მისი თქმით, "3.8 მილიონიანი ქვეყანა, ასეთ ურთიერთობებში ვერაფერს გავაფუჭებთ".

მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან არის სრული მზაობა საფრანგეთთან ღია ურთიერთობისა, რომელიც დამყარებული იქნება "ურთიერთპატივისცემაზე".

კითხვაზე, ვინ უქმნის რუსეთის გარდა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს, პაპუასვილმა უპასუხა, რომ "ევროკავშირის ელჩიც კი ჩართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფაში, არჩევნებში ჩარევის გზით".

მისი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის ყველა, ვინც ქვეყნის შიდა საკითხებში ერევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×