რეზონანსი
22.09.2025

გაერო-ს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად მკვლელობებს სჩადის, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები და ნანგრევებიდან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

„მართვადი საჰაერო დაბომბვები სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ სახლებს დაუმიზნეს, დაზიანებულია თხუთმეტი საცხოვრებელი კორპუსი და ათი კერძო სახლი. ამ დროისთვის დადასტურებულია სამი ადამიანის დაღუპვა“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი ინფორმაციით, დრონებით თავდასხმები განხორციელდა დონეცკის, დნეპრის, სუმის, კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებშიც. რუსებმა, საერთო ჯამში, 140-ზე მეტი დრონი გაუშვეს, მათ შორის Shahed-ები.

„გაერო-ს გენერალური ასამბლეა მუშაობას იწყებს, ლიდერები ნიუ-იორკში იკრიბებიან და ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როდესაც რუსეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი დონის ყოველწლიური დიპლომატიური ღონისძიების პარალელურად მკვლელობებს სჩადის. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ ეს დიპლომატიური კვირა პროდუქტიული იყოს. უნდა იქნას მიღებული ზომები იმისთვის, რომ მკვლელობები და ომი რუტინად არ იქცეს. საჭიროა რეალური, ძლიერი ზეწოლა რუსეთზე; ახალი ერთობლივი ნაბიჯები მსოფლიოში ყველასგან, ვინც თვლის, რომ საერთაშორისო სამართალმა კვლავ უნდა იმოქმედოს - ევროპისგან, შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისა“ და „დიდი ოცეულის“ ქვეყნებისგან - ყველასგან, ვისაც რეალური გავლენა აქვს რუსეთზე. მკაცრი სანქციები, ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა და რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის პასუხისმგებლობა - ეს ყველაფერი საჭიროა. ეს ყველაფერი მოხდება“, - აცხადებს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×