
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაასრულა. მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სასახლე თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად გახსნა.
პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა საინჟინრო ქსელები, გაძლიერდა შენობის ფუძე-საძირკველი, კონსტრუქციულად გამაგრდა ძირითადი და დამხმარე ნაგებობები, ჩატარდა ფასადის რესტავრაცია, შეიცვალა სახურავის, ბურულისა და წვიმასატარი სისტემები, განახლდა ბაღის ისტორიული ღობე და ჭედური ჭიშკარი. გარდა ამისა, ჩატარდა მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების კონსერვაცია-რესტავრაცია, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ე.წ. სარკეებიან დარბაზში აღდგა კარები და დარაბები.
რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული. სასახლე გამოირჩევა ისეთი უნიკალური არქიტექტურული სივრცეებით, როგორებიცაა: ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, მარმარილოს დარბაზი და თეთრი დარბაზი. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც 4 500-მდე მოსწავლეს აერთიანებს.
თბილისის განვითარების ფონდმა სასახლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო. სამუშაოები კომპანია "ინსმა" შეასრულა, პროექტის საერთო ღირებულებამ კი 56 428 251 ლარი შეადგინა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის გახსნის ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მერის მოადგილეები, ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი, საკრებულოსა და პარლამენტის წევრები, ასევე, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.