რეზონანსი
22.09.2025

სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. რა თქმა უნდა, სწორია, როცა სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დიპლომატებს აქვთ პრივილეგიები, რომელთა საპირწონედ დგას ის თავშეკავება, რომელიც მათ შიდა საკითხებში ჩარევაზე უარის თქმის სახით უნდა გამოიჩინონ.

„ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელები. პრეზიდენტმა მაკრონმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ დიპლომატები დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა აქტორები შიდა პოლიტიკაში. სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ვხედავთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა თავად ხდება ასეთი ჩარევის ობიექტი, მათ შორის გახსოვთ საფრანგეთის განცხადება არჩევნებში ჩარევაზე, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს და დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს“, - განაცხადა პაპუაშვილი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის „მიუღებელია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×