
ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ გეგმაზე უარს არ ამბობს და რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობს. უცვლელ რიტორიკას პასუხობენ მმართველ გუნდშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საზოგადოებაში ექსტრემიზმს მხარდაჭერა არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებამდე ქვეყანაში 2 კვირაზე ნაკლები რჩება.
თემას გამოეხმაურნენ "გირჩშიც". პარტიის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, გაქრება.
"ოპოზიცია რას აკეთებს ნაკლებად მაღელვებს, განსაკუთრებით ის ხალხი, რომლებიც "ფეიკ" რევოლუციას აწყობს. მგონი, თვითონაც არ სჯერათ ეს ყველაფერი. უბრალოდ, თავი ისეთ პოზიციაში ჩააყენეს, რომ უკან დასახევი გზა არ აქვთ. დიდი ალბათობით, ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო აქტივობა. არ გამოვრიცხავ, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა", როგორც მნიშვნელოვანი აქტორი, აღარ არსებობდეს", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.