
ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ბრალდებულ ოთხ პირს, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.
მისი გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოდან პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ კომპანიის დირექტორს - მარიამ არჩემაშვილს, ასევე ნუგზარ ცაბაურაშვილს და ვიქტორ აბაიმოვს. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული მაქვს.
მხეიძე დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილ ოქმში იყო ნათქვამი, ის პროცესზე დასწრებაზე უარს აცხადებდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდების მიხედვით, ბრალდებულები აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2 176 000 ლარზე მეტი ღირებულების 325 000-მდე კოლოფ უაქციზო ფილტრიან სიგარეტს ინახავდნენ, რაც საგამოძიებო ორგანომ ამოიღო.
მათ ბრალდება ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.