
ავტომობილების როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი ისევ იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში საქართველოში 148 859 ერთეული (2.422 მლრდ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 136 986 ერთეული (2.211 მლრდ აშშ დოლარის). ზრდა თითქმის 9%-ია.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 70 972 ერთეული (1.728 მლრდ აშშ დოლარის) ავტომობილი გავიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 68 091 ერთეული (1.478 მლრდ აშშ დოლარის). შესაბამისად, წელს ავტომობილების ექსპორტი 4.2%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების იმპორტში ლიდერი ტრადიციულად აშშ-ია.
უფრო ზუსტად, საანგარიშო პერიოდში ამერიკიდან 117 700 ერთეული (1.438 მლრდ აშშ დოლარის) ავტომობილი შემოვიდა წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 97 913 ერთეული (1.181 მლრდ აშშ დოლარის).
გამოდის, წელს ერთი ამერიკული ავტომობილის საშუალო ღირებულება (გადასახადების გარეშე) 12 200 აშშ დოლარია, გასულ წელს 12 000 აშშ დოლარი იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილების ფასის გამოთვლილია საშუალო მაჩვენებლით, მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ფასი შესაძლოა, მეტი ან ნაკლები იყოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ საქონელზე შემოღებული სატარიფო პოლიტიკამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადა, რიგ საქონელზე, მათ შორის, ახალი ავტომობილების ბაზარზე გავლენა მაინც იქონია. როგორც ავტოდილერები აცხადებენ, ტარიფებზე შექმნილმა მოლოდინმა მანქანების ღირებულება გაზარდა.