ნატალია ჯვარიძე
19.09.2025

რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ურტყამენ იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო - და უპირველეს ყოვლისა, შეერთებული შტატები - მშვიდობისკენ მოუწოდებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხორციელებულ შეტევას.

„გუშინდელი ღამიდან მოყოლებული, რუსეთი უკრაინაზე დრონებით თავდასხმას ახორციელებს - თითქმის 90 უპილოტო საფრენი აპარატი. ჩვენმა მეომრებმა მათი უმეტესობის განეიტრალება მოახერხეს", - წერს ზელენსკი.

მისი თქმით, თავდასხმის ქვეშ მოექცა დონეცკის ოლქი, კიევის ოლქი და დედაქალაქი, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჩერნიგოვის ოლქი და დნეპრის ოლქი. სამიზნეებს შორის იყო უკრაინის ინფრასტრუქტურა და საწარმოები. ზელენსკის ინფორმაციით, კიევში რუსული თავდასხმის შემდეგ, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ჩართულია ყველა საჭირო სამსახური.

„გვესმის პრეზიდენტ ტრამპის პოზიცია მკვლელობების დასრულების შესახებ და დავეთანხმეთ დიპლომატიის განბლოკვის ყველა წინადადებას. თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთში ამ პოზიციას არ ისმენენ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა განვახორციელოთ ყველაფერი, რაც გვაძლიერებს: PURL [უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის] ინიციატივა, თანაწარმოება და უსაფრთხოების გარანტიების დასრულება. მაგიდაზეა მასშტაბური შეთანხმებები დრონებისა და იარაღის შესყიდვის შესახებ, რომელიც უკრაინამ შესთავაზა შეერთებულ შტატებს. საჭიროა გადამწყვეტი ქმედებები, რათა რუსეთიც საბოლოოდ დათანხმდეს დიპლომატიას", - წერს ზელენსკი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დქ ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ზეპენსკი ტრამპს დიპლომატიურად მიანიშნებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ.

„მგონი საკმარისად მეტი დრო გავიდა იმისათვის, რომ ტრამპი დარწმუნებულიყო, რუსეთს არავითარ შემთხვევაში მშვიდობა არ სურს. ტრამპის გაპრეზიდენტობიდან მოყოლებული თითქმის თვეში ერთხელ ელაპარაკებოდა ტრამპი პუტინს და შემდეგ როგორც გახსოვთ, ალასკაზე მიიწვია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამერიკის პრეზიდენტი ხედავს, რომ პუტინთან ლაპარაკს აზრი არ აქვს.

თუ ტრამპს რეალურად სურს, რომ ომი შეწყდეს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, თორემ ხომ ხედავს არაფერი გამოდის. რუსეთზე სხვა ტიპის ზემოქმედება არის საჭირო, რათა იძულებული გახდეს, რომ ომი შეწყვიტოს.

თუმცა მეორეს მხრივ, გარკვეული პოზიტივი შეინიშნება. კი, ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუ ევროპის ქვეყნები რუსულ გაზზე უარს იტყვიან, მაგრამ უკეთესია ევროპის სახელმწიფოების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს არ ელოდოს. მას შეუძლია ცალმხრივადაც იმოქმედოს და შემდეგ, ევროპაც მიჰყვება შეერთებულ შტატებს. ყოველ შემთხვევაში, ჩნდება განწყობა, რომ ტრამპი ცდილობს გააჭიანუროს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი.

ჩემი აზრით, ეს არ არის ზელენსკის მხრიდან კრიტიკა. ზელენსკის ბევრი განცხადება გაუკეთებია, სადაც უთქვამს, რომ ტრამპის ძალისხმევას მიესალმება. ამ ბოლო განცხადებაში უფრო მინიშნება იყო, რომ უმჯობესია ტრამპმა სხვა ნაბიჯები გადადგას. რისკს არ შეიცავს, უფრო დიპლომატიური მინიშნება იყო და ტრამპს ღიად არ უპირისპირდება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×