
რუსეთი მზადაა კომპრომისებისთვის, თუ „მოსკოვის კანონიერი ინტერესები დაცული იქნება". ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. პარალელურად, უკრაინელები დონეცკის მიმართულებით ამ კვირის განმავლობაში აქტიურ კონტრშეტევას აწარმოებენ. რა ვითარებაა ფრონტზე და რატომ ალაპარაკდა ლავროვი კომპრომისებზე?
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვახტანგ მაისაიამ, აქცენტი ფრონტზე არსებულ ვითარებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინელებმა დონეცკის მიმართულებით რუსი ოკუპანტების ფრონტის ხაზი გაარღვიეს.
„უკრაინა აქტიურ კონტრშეტევაზე გადავიდა. დონეცკის მიმართულებით მათ მონახეს ყველაზე სუსტი წერტილი და იქიდან მოახდინეს კონტრშეტევა. რამდენადაც ვიცი, მათ გაარღვიეს რუს ოკუპანტების ფრონტის ხაზი და ფლანგული შემოვლით საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს მათ შორის ე.წ. აფხაზური მოხალისეთა შენაერთები. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ დონეცკის რეგიონში სიტუაცია შეიცვალოს."
მაისაიას თქმით, თუ რუსებმა შეძლეს ძალების მობილიზება, შესაძლებელია ვითარება შეიცვალოს. თუმცა, მისივე თქმით, დღეს უკრაინას ბევრად უკეთესი შეიარაღება აქვს, ვიდრე ნატოს ბევრი წევრი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს.
„ამ ეტაპზე ასეთი სიტუაციაა: თუ რუსებმა შეძლეს რეზერვის მობილიზაცია და გადასროლა, რადგან, როგორც პუტინმა თქვა, დღეს უკრაინის ომში მობილიზებულია 700 ათასი რუსი საოკუპაციო ძალის მებრძოლი, მაშინ თუ მოახერხეს კონტრზომების მიღება, ვითარება შეიცვლება. თუმცა, ვნახოთ. უკრაინელები ყოველთვის გამოირჩევიან მოულოდნელობით და ახალი ტაქტიკური ელემენტებით, მათ შორის ოპერატიულ-სტრატეგიულ დონეზე. მათ დაამტკიცეს, რომ იარაღით უფრო კარგად არიან აღჭურვილი, ვიდრე ნატოს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები - ეს ფაქტია.
კითხვაზე, რატომ დაიწყო რუსეთმა კომპრომისებზე საუბარი, ახლა მაისაია გვპასუხობს:
„რადგან რუსეთს ჩაუვარდა სტრატეგიული ოპერაცია, რომელსაც ზაფხულში აპირებდა. ვგულისხმობ უკრაინის ოთხივე რეგიონის ოკუპაციას. ჩაუვარდა ეს გეგმა, ამიტომ სჭირდებათ ამოსუნთქვა და ძალების გადანაწილება. ეს, როგორც ჩანს, რუსეთის მთავარი პრობლემაა. ამიტომ რუსები ახლა ცდილობენ, დრო გაიყვანონ და წარმოაჩინონ თავი „მშვიდობის მოყვარეებად", შემდეგ კი მოახდინონ მათი ძალების გადანაწილება მათთვის მისაღები გეოსტრატეგიული მიმართულებებით. ასე რომ, ესეც ტაქტიკის ნაწილია."-განაცხადა მაისაიამა.
შეცვლილი რიტორიკა, თუ ტაქტიკის ნაწილი?
ომის დაწყებიდან რუსეთის მხარე მუდმივად ამტკიცებს, რომ მშვიდობა მხოლოდ მაშინ დამყარდება, თუ მისი ინტერესები დაკმაყოფილდება. თუმცა, ამ კვირაში ლავროვის გაკეთებული განცხადება, სადაც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისებზე საუბრობს, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმება კომპრომისს წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ კომპრომისები მოვძებნოთ იმ პირობით, რომ ჩვენი კანონიერი უსაფრთხოების ინტერესები დაცული იქნება, ასევე უკრაინაში მცხოვრები რუსი ხალხის კანონიერი ინტერესები და მსგავსი შეთანხმების სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესები", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, „დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინის საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება სურს, რათა რუსეთთან ნორმალური ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას".
„ვფიქრობ, ტრამპის ადმინისტრაციას სურს ამის გაკეთება, რადგან ეს ომი ბაიდენისა და მისი გუნდის მიერ ხელოვნურად იქნა შექმნილი და არ ასახავს ამჟამინდელი ადმინისტრაციის ფილოსოფიას. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დღის წესრიგიდან ამოიღონ ეს საკითხი, რათა ნორმალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სხვა სახის ურთიერთობების წინაშე არსებული დაბრკოლებები მოიხსნას. თუმცა, ესეც რთული იქნება, რადგან აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მოგვარების თავისებური მიდგომა აქვს", - აღნიშნა ლავროვმა.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირების განმავლობაში უკრაინული არმია წარმატებულ კონტრშეტევას ახორციელებს დონეცკის მიმართულებით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ამ კვირების განმავლობაში ჩვენ ერთ-ერთ კონტრშეტევით ოპერაციას ვაწარმოებთ. ბიჭები - ყოჩაღები არიან. დონეცკის მიმართულებაზე, პოკროვსკისა და დობროპოლიეს რაიონში მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, თუმცა მოვახერხეთ რუსებისთვის საგრძნობი დანაკარგების მიყენება", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის არმია ოკუპანტებს ართმევს სრულფასოვანი შეტევითი ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას, რომელსაც ისინი დიდხანს გეგმავდნენ.
ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევის დაწყებიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს 160 კვადრატული კილომეტრი მიწა და შვიდი დასახლებული პუნქტი, კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი და ცხრა დასახლებული პუნქტი კი „გაწმენდილია ოკუპანტებისგან".
მისივე თქმით, მხოლოდ პოკროვსკის რაიონში რუსების დანაკარგები 2 500 ადამიანზე მეტია, მათგან 1 300-ზე მეტი მოკლული