
საქართველოს პარლამენტის თამვმდჯომარე "რესპუბლიკელი სენატორის ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახდეპის ავტორიზაციის აქტში "ქართული კოშმარის არაღიარების" შესწორების წინადადებას ეხმიანება და როგორც შალვა პაპუაშვილი აცხადებს, "მეგობარი აქტი" "მზის შუქს ვერ ნახავს", უილსონის იდეას კი აფასებს, როგორც მტრულ წამოწყებას.
პაპუაშვილის შეფასებით, ასეთი აქტივობისთვის "მილიონიანი კონტრაქტია დადებული და ამას გამომუშავება სჭირდება", ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი საინფორმაციო ხმაურის შექმნას ემსახურება.
"მეგობარი აქტი"
"ერთადერთი მიზანი აქვს, საინფორმაციო ხმაური. ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ - ვხედავთ კონგრესმენ უილსონს, იმ ერთ-ერთ ჟურნალისტს აზერბაიჯანული გვარით, კიევის მედიის თანამშრომელს, რომელიც ვაშინგტონში ცხოვრობს.
ამ ადამიანის კონსტრუქციაც კი აჩვენებს, რომ არის ჩვეულებრივად დაქირავებული რუპორი, რომლის დანიშნულებაც არის ასეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ეს ხმაური გადაივლის და მერე რას აპირებენ, იგივე ბედი ეწევა, როგორც მანამდე ყველა ამგვარ მტრულ წამოწყებას", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ბრიუსელთან დიალოგის შესაძლებლობა
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირთან ურთიერთობაზეც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, "ბრიუსელი აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, საუბარს და დიალოგს გულისხმობს".
"ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - ასე რომ, მათი გადასაწყვეტია!
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამ ბიუროკრატიულ ქაღალდებში ჩარგული ადამიანები, ბიუროკრატები ვერ ხედავენ ადამიანებს სხვა ქვეყანაში, ვერ ხედავენ ქართველებს. საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის თვალში თავის თავს აზიანებენ. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად თავდასხმებისა, ცრუ ნარატივებისა, რომელიც ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ვრცელდება, საქართველო ეკონომიკურად წინ მიდის, მშვიდობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, ვინც ზიანდება, ზიანდება ბრიუსელი და ბრიუსელის რეპუტაცია ქართველების თვალში", - ამბობს პაპუაშვილი.
შიდა ვითარება და 4 ოქტომბერი
შიდა ვითარებაზე საუბრისას პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს დაანონსებულ "ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის" იდეის ავტორებს "შიდა ტერორისტული დაჯგუფება" უწოდა, "რომელთა გაცხადებული მიზანიცაა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა".
"ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე. მათი დიდი ნაწილი ფორმალურადაც ჩაეხსნა არჩევნებს, არ მონაწილეობენ, მეორე ნაწილი ფორმალურად მონაწილეობს, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია. შედეგი ნულოვანია მათთვის, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერის არავითარი იმედი არ აქვთ. თუმცა, ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რასაც ვხედავთ, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები.
"ვნახეთ აქ, თუ რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ს პრობლემას უქმნის. ასე, რომ ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს",- თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს საელჩოში, სახლში ეპატიება სადილზე, ვახშამზე თუ ასე შემდეგ, ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების. მათი თანამონაწილეობა იქნება, თუკი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან".
მან უცხოელებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ თანხებს, ასევე მათ კომუნიკაციას თუ შეხვედრებს.
არჩევნებში ჩართულ ოპოზიციას რაც შეეხება, პაპუაშვილის თქმით, „ლელოს" წარმომადგენლებმა 27 თუ 28 მუნიციპალიტეტში ვერ შეძლეს მერის კანდიდატის დასახელება, 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეს, 1 600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს ხელისუფლებაში ყოფის პრეტენზია".
მან ასევე ისაუბრა „ლელოს" ლიდერების ბრიუსელში ვიზიტზე.
„არჩევებამდე სულ რამდენიმე დღე არის დარჩენილი და ვხედავთ, რომ ერთი პარტიის ლიდერი გერმანიაშია, მეორე პარტიის ლიდერი ბრიუსელშია, მესამე, მეოთხე ამერიკაში, ვაშინგტონში არიან. ვხედავთ, ვისაც ისინი უნდა ესაუბრონ - არა ქართველ ხალხს, არამედ თავიანთ უცხოელ მფარველებს და დავალებების მიმცემებს. მათი მგზავრობაც ამ მხრივ უნდა აღვიქვათ", - აცხადებს პაპუაშვილი.
ხოშტარიას საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებს, თუმცა ელენე ხოშტარია გირაოს გადახდაზე უარს აცხადებს.
ხოშტარიაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ "ფაქტობრივად, მან თავი დააჭერინა. ახლა გარკვეული „ტაიმაუტი" აიღო, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა მოიხსნას იმ რაღაც ძალადობრივი აქციების შედეგებზე, რომლებსაც ისინი აორგანიზებენ".