თამთა ჩაჩანიძე
19.09.2025

პრემიერმა აშშ-ს შემდეგ ურთიერთობის გადატვირთვა ევროკავშირსაც შესთავაზა, ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც "დიფ სთეითის" გავლენის ქვეშაა" და მათი მხრიდან პრემიერი ხედავს "საბჭოურ მიდგომებს და კარჩაკეტილობას". ისაუბრა ევროკომისარ მარტა კოსის ტურნეზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში თბილისის გვერდის ავლით ჩამოდის.

"ევროპული ბიუროკრატია არის თვისობრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი". „დიფ სთეითის" გავლენები შესუსტდა აშშ-ში, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში",- ამბობს კობახიძე.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირისა და "ქართული ოცნების" პოზიციების დაახლოება რთულია, შესაბამისად, ნაადრევია საუბარი ურთიერთობის გადატვირთვაზე, რადგან არცერთი მხარე რაიმეს დამთმობი არ ჩანს.

ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივა

ირაკლი კობახიძის თქმით, ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო.

„ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში იყო 2008 წელს 30 პროცენტი და ეს წილი ჩამოსულია 17 პროცენტამდე. როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა და ასეთი მძიმე ტენდენციები გაქვს, უნდა იყო გადართული როგორც საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე, ასევე ურთიერთობების მაქსიმალურად განვითარებაზე, თუმცა ამ ფონზე ვხედავთ, რომ ისინი არათუ ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას ცდილობენ, არამედ ისინი პირიქით ცდილობენ, ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან მაგალითად, როგორიც არის საქართველო.

ეს არ შედის ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებში და აქედანაც ჩანს, რომ ევროპული ბიუროკრატია თავიდან ბოლომდე იმართება გარე ძალების კარნახით და არა ევროპის საზოგადოების ინტერესების კარნახით",- ამბობს პრემიერი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" აცნობიერებს, რომ იზოლაციაში ექცევა.

"ოცნება" რეალურად აცნობიერებს, რომ თანდათან საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა და ახლა ორი კურდღლის დაჭერა სურს. ერთის მხრივ, აშშ-სა და ევროკავშირს ეუბნება, რომ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო, რომ როგორმე ამით იქნებ საერთაშორისო იზოლაციას თავი დააღწიოს.

"ამბობენ, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, თუნდაც გაწევრიანებისთვის, მაგრამ არ სურთ აღიარონ, რომ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებასთან ურთიერთობები მათი გაფუჭებულია",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრემიერი სწორად მოქმედებს.

"პრემიერი სწორად მოქმედებს, ეს დასტურია იმისა, რომ "ოცნების" ხელისუფლებას ამ გზიდან არსად არ გადაუხვევია, მაგრამ ამავდროულად ეს პირობებია დასმული, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ძირითადი ფასეულობები უნდა იყოს დაცული, რომელიც სწორედ ევროპული ფასეულობებია.

"ევროპაში დღეს ურთულესი ვითარებაა, ფასეულობათა ღრმა კრიზისია. როდესაც კაია კალასი ამბობს, რომ დადგა ის მძიმე პერიოდი, რაც 1938 წელს იყო. როცა ევროპამ უღალატა და ჩეხეთი ჰიტლერს ჩააბარა. ასეთი სიტუაციაა და რომ ვთქვათ, რომ ევროკავშირი თავის ულტიმატუმს უკან წაიღებს, რომ თურმე ჩვენ სრულიად აუცილებელი - გამჭვირვალობის, თუ ოჯახის ფასულობათა დაცვის კანონები უნდა გავაუქმოთ, ეს გამორიცხულია, რომ ჩვენც გავაუქმოთ და ამ ეტაპზე მათაც ულტიმატუმი უკან წაიღონ.

"ჩვენ ევროპის გზიდან არასდროს არ გადაგვიხვევია, მაგრამ სამწუხაროდ ევროპამ გადაუხვია, რაც ნათქვამია ევროპის წამყვანი ანალიტიკოსებისა და პუბლიცისტების მიერ. ამ ეტაპზე არცერთი მხარე რაიმეს დამთმობი არაა, ამას დრო უნდა, ვიცი რა პოლიტიკური პროცესები მიდის ევროპაში.

პირველ რიგში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში, კონსერვატორების რეიტინგი სულ უფრო იზრდება და ფსევდოლიბერალური მთავრობები გადასული არიან მათ ხელოვნურად შეჩერებაზე რეპრესიებით, რაც დემოკრატიის ღალატი და სისუსტის ნიშანია, ვნახოთ რა იქნება შემდეგ, პროგნოზირება რთულია, ჩვენ დიდი ქაოსის ხანაში შევდივართ",- განაცხადა მამრაძემ.

რატომ არ ჩამოდის მარტა კოსი საქართველოში

"ევროპული ბიუროკრატია არის თვისებრივად გარე ძალების გავლენის ქვეშ, ეს არის „დიფ სთეითი". „დიფ სთეითის" გავლენები შესუსტდა აშშ-ში, მაგრამ აქცენტები გადმოვიდა ევროკავშირში და ამის გაგრძელებაა თუნდაც ის, რომ მარტა კოსი არ ჩამოდის საქართველოში. მე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, ეს მიდგომები შეიცვლება.

ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას არსაუბარს, ეს არის სრულიად საბჭოური მიდგომები, რაც უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ ეს საპასუხო რეაქციია "ოცნების" პოზიციაზე ევროკავშირის მიმართ.

"ოცნება" ევროკავშირის მაღალჩინოსნებს არა მარტო აკრიტიკებს, არამედ პირად შეურცხყოფასაც აყენებს, ლანძღავს და ესაა საპასუხო ნაბიჯი ევროკავშირისგან. აზერბაიჯანი ავტორიტარული ქვეყანაა, თუმცა ოქროს შუალედს პოულობს ურთიერთობებში და ევრობლოკიც ბაქოს ანგარიშს უწევს. მით უმეტეს, ახლა აზერბაიჯან-რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა, ევროკავშირი კი მას ენერგორესურსების ერთ-ერთ მთავარ იმპორტიორად განიხილავს. სომხეთს რაც შეეხება, ვიცით, რომ იქ დემოკრატიული რეფორმები მიდის.

"საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობოდან გამომდინარე, ბოლომდე თამაშგარედ ვერ დავრჩებით, მაგრამ შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია ნაწილობრივ დავკარგოთ. კოსის არჩამოსვლა სიგნალია "ოცნებისთვის", რომ დათმობაზე უნდა წავიდნენ. თუმცაღა დათმობაზე იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს, თუ აშშ და ევროკავშირი რეალურ სანქციებს შემოიღებენ მათ წინააღმდეგ, რადგან "ოცნება" მოქმედებს იმ სტრატეგიით, თუ სადამდე გაუვა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემაც შეაფასა კოსის არჩამოსვლა საქართველოში.

"რომ არ ჩამოდის, ცხადია ესეც დემონსტრაციაა. შანხაის შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები იყვნენ, საქართველოდან არავინ არ ყოფილა, მათ მიმართ ამის გამო არავითარი კრიტიკა არ ყოფილა, არც ეროპის, არც აშშ-ს მხრიდან. საქართველოს ხელისუფლებას კი რას არ აბრალებენ, სრულ მარაზმს, რომ თურმე საქართველოს ჩინეთის კომპარტია ირანის აიათოლებთან ერთად მართავს.

"ასეთ რთულ ვითარებაში ვართ, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ევროკავშირს ჩვენი სახელმწიფოს შანტაჟის ბერკეტები აღარ აქვს",- განაცხადა მან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×