
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსული გაზის იმპორტს ევროკავშირის რვა ქვეყანა ახორციელებს.
როგორც გამოცემა „გარდიანი" წერს, ამის შესახებ კლიმატისა და ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანნა-კაისა იტკონენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის რვა ქვეყანა რუსული აირის იმპორტს ახორციელებს მილსადენების საშუალებით ან გათხევადებული სახით, თუმცა ევროკავშირს არ აქვს მონაცემები, საბოლოოდ სად გამოიყენება ეს აირი.
ევროკომისიის პრესსპიკერის ცნობით, ეს ქვეყნებია ბელგია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, პორტუგალია, სლოვაკეთი და ესპანეთი.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააძლიერა ზეწოლა ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებზე, რათა მათ მთლიანად თქვან უარი რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტზე. დღეს ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი უნდა წარადგინოს. როგორც სააგენტო „როიტერი" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირი გეგმავს, რომ რუსული გათხევადებული აირის იმპორტი 2027 წლისთვის აკრძალოს.