რეზონანსი
19.09.2025

საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან. ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს, - ამის შესახებ დაკავებულმა ბიზნესმენმა, ყოფილმა მოკრივემ, გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მან ისაუბრა, რა გარემოებაში დააკავეს.

„საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები.

გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში.... სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში და შეკამათებაში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს", - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.

მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×