
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაპატიმრება არავის ჰქონდა განზრახული, მან თვითონ მოისურვა ციხეში ჩაჯდომა.
კობახიძის შეფასებით, ხოშტარიას ქმედება პოლიტიკური თვითდაზიანების ერთ-ერთ ფორმად შეიძლება ჩაითვალოს.
ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა და შეუძლია ეს ფორმაც გამოიყენოს.
„ზოგადად, თვითდაზიანება პოლიტიკაში, ისევე როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკაა, მათ შორის შიმშილობისა და სხვადასხვა ფორმით. მათ აირჩიეს თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა, რაც არის თვითდაპატიმრება. არავის არ ჰქონდა განზრახული მისი დაპატიმრება. სასამართლომ შეუფარდა გირაო. არა, მაინც და მაინც, უნდა ციხეში ჩაჯდეს. ესეც არის თვითდაზიანების ერთ-ერთი ფორმა. დემოკრატიაა და შეუძლიათ ეს ფორმაც გამოიყენონ“,- განაცხადა კობახიძემ.