
„ქართული ოცნება" საქართველოში მოღვაწე დასავლელ ელჩებს პერიოდულად ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ კონტექსტში კონვენციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტზე მიუთითებს, სადაც წერია, რომ ელჩი ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებსა და დადგენილებებს, ასევე ვალდებულია არ ერეოდეს სახელმწიფო შიდა საქმეებში. თუმცა, კონკრეტულად რა ითვლება შიდა საქმეებში ჩარევად - ეს კონვენციაში განსაზღვრული არაა, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და „სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული".
„თუ ელჩი ხვდება იმ ჯგუფებს, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ხელისუფლებასთან ღიად დაპირისპირებულები, არ ვიცით შეხვედრების დროს რა მესიჯები ჟღერდება, რას ჰპირდება ელჩი, ესეც შეიძლება გარკვეული დაშვებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს", - ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამ თემაზე „რეზონანსთან" საუბრისას.
ვენის კონვენციის 41-ე მუხლი
ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ დადებულია ქალაქ ვენაში, 1961 წლის 18 აპრილს. 41-ე მუხლში წერია, რომ ელჩი ვალდებულია არ ერეოდეს ქვეყნის შიდა საქმეებში, თუმცა რა მიიჩნევა შიდა საქმეებში ჩარევად, ეს განსაზღვრული არაა.
„1. თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი
პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს
მასპინძელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე
ვალდებული არიან არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში.
„2. მააკრედიტებელი სახელმწიფოს მიერ თავისი წარმომადგენლობისათვის მინდობილი მთელი ოფიციალური საქმიანობა მასპინძელ ქვეყნის მიმართ ხორციელდება უშუალოდ
მასპინძელი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობით ან ამ
სამინისტროს მეშვეობით, ან სხვა სამინისტროსთან ურთიერთობით, რომელთანაც არსებობს შეთანხმება, ან ამ სხვა სამინისტროს მეშვეობით.
„3. წარმომადგენლობის განთავსების ადგილი არ უნდა იქნეს გამოყენებული წარმომადგენლობის ფუნქციებთან შეუთავსებელი მიზნით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციით ან ზოგადი საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ან მააკრედიტებელ სახელმწიფოსა და მასპინძელი სახელმწიფოს შორის მოქმედი რაიმე სპეციალური შეთანხმებებით", - წერია კონვენციის 41-ე მუხლში.
ეკრძალება თუ არა ელჩს ოპოზიციონერებთან შეხვედრა
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი და ყოფილმა ელჩი გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ კონვენციაში „მსგავსი ჩანაწერი არაა, რომ ელჩი ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს, პირიქით, ელჩები ვალდებულნი არიან, რომ შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა პოლიტიკოსს და ჰქონდეთ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა".
„როგორც წესი, დემოკრატიულ ქვეყნებში ელჩები ხვდებიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვენის 1961 წლის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ უზღუდავს დიპლომატებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართონ შეხვედრები, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიების, ისე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ვერავინ ვერ აიძულებს მათ, რომ ეს არ გააკეთონ", - განაცხადა გიგიაძემ „პალიტრანიუსთან".
თავდაცვის ყოფილი მინისტრი და აშშ-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, დავით სიხარულიძე ასევე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან უცხო ქვეყნის ელჩის შეხვედრა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.
„17 წელი ვიყავი სახელმწიფო დიპლომატიურ სამსახურში და თავდაცვის სამინისტროშიც ვმუშაობდი, თავად ვყოფილვარ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, მიმუშავია ბრიუსელსა და ვაშინგტონში. იქ არ ეძახიან ოპოზიციურ პარტიებს, არამედ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს. ისინი სახლშიც დამიპატიჟებია და უამრავი შეხვედრა მქონია. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება მიღებულ პრაქტიკას. ეს ჩვეულებრივად მათი სამსახურია. გერმანიის ელჩის სამსახურია, რომ შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკოსს, საზოგადოების წარმომადგენელს. ეს მისი სამუშაოა, ეს არის დიპლომატის სამუშაო", - განაცხადა სიხარულიძემ „პალიტრანიუსთან".
41-ე მუხლი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა და „სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული". მისი თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ყველა ის კონტაქტი მოიაზროს შიდა საქმეებში ჩარევად, რომელიც მათ ოპონენტებს ელჩებსთან აქვთ.
„სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული, ელჩი ვალდებულია და მისი მოვალეობაა შეხვდეს პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოებრივი სფეროს ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ოპოზიციონერებს, მაგრამ მეორეა ამის შედეგი რა არის - შედეგად ხომ არ ხდება ოპოზიციონერი ჯგუფების წახალისება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაზე - თორემ ელჩს ვერავინ აუკრძალავს შეხვდეს ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მისი მოვალეობაა ქვეყანაში არსებულ ყველა სოციალურ ფენასთან დაამყაროს კონტაქტი, რომ უკეთ გაიგოს ქვეყანაში რა ხდება, მეორე საკითხია ეს ყველაფერი შემდეგ რაში ითარგმნება.
„შიდა საქმეებში ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, როცა ელჩი სხვადასხვა ფორმით ამჟღავნებს მხარდაჭერას კონკრეტული პოლიტიკური ძალის, ან ჯგუფის მიმართ, აკრიტიკებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, სასამართლო განჩინებებს. ეს საკმაოდ ფართო ცნებაა, თუ ელჩი ხვდება იმ ჯგუფებს, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ხელისუფლებასთან ღიად დაპირისპირებულები, არ ვიცით შეხვედრების დროს რა მესიჯები ჟღერდება, რას ჰპირდება ელჩი, ესეც შეიძლება გარკვეული დაშვებით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად ჩაითვალოს.
„ადრე საელჩოები ასე ინტენსიურად არ იყვნენ დაკავებული გრანტების გაცემით არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ინტენსიურად დაიწყეს და გრანტების ძირითადი მიმღებები სწორედ ის ორგანიზაციები და პირები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციაში არიან. მათი აქტივობებიც ამას ადასტურებს. ჩნდება კითხვა - ხომ არ ხმარდება ეს გრანტები სწორედ ხელისუფლების პოზიციების შესარყევად მიმართულ საქმიანობას?
„რადგანაც ვენის კონვენციაში დაკოკრეტებული არაა, შესაბამისად, ამაში ხელისუფლებას შეუძლია ყველა ის კონტაქტი მოიაზროს, რაც ელჩებს კონკრეტულ ორგანიზაციებთან და პირებთან აქვთ. ეს იმის საფუძველია, რომ ხელისუფლებას კონკრეტულ ელჩებთან პრეტენზია ჰქონდეს. ყველა ელჩი ასე არ იქცევა. განსაკუთრებით გამოირჩევიან, ევროკავშირის, გერმანიის და ბრიტანეთის ელჩები და მათი საელჩოები", - განაცხადა ანალიტიკოსმა.