ნატალია ჯვარიძე
18.09.2025

არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიცია უცხოელ პარტნიორებთან მართავს შეხვედრა. „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ვაშინგტონში, ხოლო „ლელოს" წარმომადგენლები კი ბრიუსელში იმყოფებიან. ანალიტიკოსების აზრით, ეს ვიზიტები დიდწილად დაკავშირებულია 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან.

„არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა ჯო უილსონთან მხოლოდ 4 ოქტომბერს შეეხებოდა, მაგრამ ალბათ ეს საკითხიც განიხილეს. ალბათ „მეგობარ აქტზეც" ისაუბრეს", - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა და ანალიტიკოსმა, ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ ვაშინგტონში კონკგრესმენ ჯო უილსონთან „მეგობარი აქტის" მიღებაზე ისაუბრეს. მისი თქმით, ტყუილია, რომ „მეგობარი აქტის" საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საქართველოს დიდ მეგობართან, კონგრესმენ ჯო უილსონთან, სადაც საკითხი და საუბარი შეეხებოდა „მეგობარი აქტის" მიღებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა, რომ დღის წესრიგშიც აღარ არსებობს, რაც არის ცალსახად ტყუილი. აგრეთვე ვისაუბრეთ პოლიტიკური პატიმრების საკითხზე, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის დაკავებაზე. ვისაუბრეთ იმ ჩინურ და ირანულ კავშირებზე, რომლითაც „ქართული ოცნება" ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და დასავლურ მომავალს და ვგრძნობთ იმ პარტიულ მხარდაჭერას, რომელიც მთლიანად ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ამის პარალელურად ხუთშაბათს ბრიუსელში ჩავიდნენ „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი და თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლუ კუპრაძე.

თაზო დათუნაშვილის ცნობით, გაიმართა შეხვედრები ევროსტრუქტურებში და ასევე შედგა შეხვედრა ბრიუსელის მერთან, სადაც „მომავალ თანამშრომლობაზე" ისაუბრეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შეხვედრები დიდწილად 4 ოქტომბრის არჩევნებსა და „მეგობარ აქტს" უკავშირდება.

„მე ვფიქრობ, ეს შეხვედრები გარკვეულწილად 4 ოქტომბრის არჩევნებთან კავშირშია, რადგან ამ დღეს როგორც „ლელოს", ისე „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი გეგმები აქვთ. „ლელომ" იცის, რომ არჩევნებში წააგებს და როგორც ჩემი ინტუიცია მეუბნება, გამოვა, გამოაცხადებს, რომ არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და შეიძლება საპროტესტო აქციას შეუერთდეს კიდეც.

„ხოლო „ნაცმოძრაობა", ჩემი ვარაუდით, ცდილობს დაიბევოს საერთაშორისო მხადაჭერა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მოგეხსენებათ, მათთვის საკმაოდ უსიამოვნო სიუპრიზი იყო „მეგობარი აქტის" ჩავარდნა, რომელსაც ჯო უილსონი ლობირებდა. შესაბამისად, ისინი ჩავიდნენ მათ შორის ამ საკითხის განსახილველად. ახლა „ფარა"-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციით ირკვევა, რომ სადღაც 360 ათასი დოლარი არის გადახდილი იმ ლობისტურ კომაპანიისთვის, რომელიც გარკვეულ კავშირშია ჯო უილსონთან, ანუ მის პიარ კამპანიას შემოწირულობას უკეთებენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორედ ეს კომპანია დაიქირავა თავისი საქმეების მოსაგვარებლად. რომ შევაჯამოთ, მე ვფიქრობ, ეს ვიზიტები, რა თქმა უნდა, დიდწილად უკავშირდება 4 ოქტომბრის არჩევნებს", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ნიჯა ჩიტაძის აზრით, სავარაუდოდ, „ლელოს" მიზანია, რომ ევროპელები 4 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაში დაარწმუნოს.

„არ ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების შეხვედრა ჯო უილსონთან მხოლოდ 4 ოქტომბერს შეეხებოდა, მაგრამ ალბათ ეს საკითხიც განიხილეს. ასევე ვფიქრობ, რომ ისაუბრებდნენ მოსალოდნელ სანქციებზე ხელისუფლების წინააღმდეგ და რამდენად პერსპექტიულია „მეგობარი აქტის" მიღება ამერიკის სენატში, ვინაიდან ეს პროცესი ცოტა გაჭიანურდა.

„რაც შეეხება „ლელოს" ვიზიტს, ალბათ ისინი ცდილობენ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნონ, რომ ხელისუფლების დამარცხება უკეთესია არჩევნების გზით, ვიდრე ბოიკოტის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×