მარიამ ვეკუა
18.09.2025

4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციაში ტემპერატურა იზრდება. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას განცხადებამ, რომ დაანონსებული 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუცია" ილუზია და „ყველაზე დიდი შეცდომაა", „ნაცმოძრაობა" გააღიზიანა. ენმ-ში ამბობენ, რომ გახარია უპასუხისმგებლო და მშიშარაა, რომელიც ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დაპირისპირება ერთიანი სცენარის ნაწილია.

გახარიას პარტია 4 ოქტომბრის პროტესტს ემიჯნება და მას სკეპტიკურად უყურებს. განსხვავებული პოზიცია აქვს „ლელოს", რომელთანაც ექპრემიერის პარტია ადგილობრივ არჩევნებში ერთგვარი არაფორმალური ალიანსი აქვს შექმნილი. „ლელოს" პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით დაახლოებით ასეთია - „დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე".

საინტერესოა ის დეტალიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები ორი ოპოზიციური პარტია არჩევნებში ფაქტობრივად, ერთად მონაწილეობს, ენმ გახარიას პარტიას გაცილებით მწვავედ უპირისპირდება, ვიდრე „ლელოს".

განცხადებაში, რომელმაც ენმ-ის გაღიზიანება გამოწივია, გახარია აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი რევოლუციის" გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების" ლეგიტიმაცია იყო.

„გამოდიხარ, მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ „ოცნების" დელეგიტიმაციას კი არა, მშვიდობიანი პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ და დაზიანებული, შეზღუდული ლეგიტიმაციის ხელისუფლებას დამატებით გამართლების შესაძლებლობას აძლევ. ჩემთვის აქ არჩევანი არ არსებობს. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ხმის უფლება, რომ ხმა მისცეს „ოცნების" წინააღმდეგ და მას ეუბნები, რომ დარჩი ბოიკოტში. შემდეგ ეუბნები, რომ ეს დღე უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის, რევოლუციის დღე, მაშინ როცა ამ რევოლუციის არანაირი რესურსი არ გაქვს. ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის ჩემთვის სწორედაც დამატებითი ლეგიტიმაციის ჩუქება „ოცნებისთვის". მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია საერთოდ, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ", - განცხადა გახარიამ.

ამას ენმ-ის ლდიერი ანი წითლიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ აინტერესებს „რას იტყვიან „ტემუდან" გამოწერილი „ქოცები" გახარიას სახით". მან გახარიას „უპასუხისმგებლო, მშიშარა" უწოდა და განაცხადა, რომ ის „ტროას ცხენად" დარჩა.

„გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, როდესაც თვითონ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან „მოძღვრავს" იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო და მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი „სუპერძალოვანი მინისტრი", როგორც მას „ქართული ოცნების" წარმომადგენლები ეძახდნენ.

„ეს გახარია ჩვეულებრივი ნაწილია იმ რუსული პროექტის, როდესაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა ოპოზიციაში და დარჩა „ტროას ცხენად". ამიტომ, ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან" გამოწერილი ჩინური „ქოცები" გახარიას სახით რას იტყვიან 4 ოქტომბერზე", - აღნიშნა ანა წითლიძემ.

რეალური დაპირისპირება, თუ ტაქტიკის ნაწილი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ გიორგი გახარია ცდილობს „ოცნების" კონსტრუქციული ოპონენტად" წარმოჩინდეს.

„გიორგი გახარიას რეიტინგზე არანაირად არ იმოქმედებს ის ფაქტორები, თუ რა პოზიციას დაიკავებს არჩევნებამდე ან მის შემდეგ. ფაქტია, რომ ის რადიკალური ოპოზიციის წიაღშია და გარკვეული სცენარის შემსრულებელია, თითქოს „ოცნების" კონსტრუქციული ოპონენტია. ასევე ფაქტია, რომ ბოლო დღეებმა გვაჩვენა - თუნდაც გახარიას და „ლელოს" პარტიებიდან მიდიან პოლიტიკოსები, რაც ბადებს შეკითხვებს, რომ შიგნით სრული გაურკვევლობაა. რაც შეეხება ე.წ. მშვიდობიან დამხობას, ეს არის სრული ფარსი. ამას ელოდება ტოტალური კრახი. ნებისმიერი ტოტალური დარღვევის შემთხვევაში ეს აღკვეთილი იქნება და ყველანი მიიღებენ შესაბამის პასუხს. რატომღაც ავიწყდებათ რადიკალებს, რომ საქართველოში 2003 წლის სცენარი მოძველებული და არარელევანტურია, არ შეესაბამება საზოგადოების განწყობებს", - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის აზრით, ახალი გიორგი გახარიას განცხადებაში არაფერია.

„გახარიას მსგავსი პოზიცია აქვს პარტიების უმრავლესობას - „ლელოსაც", სალომე ზურაბიშვილსაც, „რვიანსაც". ისინი თვლიან, რომ გადაჭარბებული მოლოდინებია, თითქოს 4-ში ხელისუფლება დაემხობა. ზოგიერთები მაინც აპირებენ აქციაზე წასვლას, ზოგი მიდის, ზოგი - არა. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამაში რამე ახალი იყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა

რატომ გახარია და არა „ლელო"

გია აბაშიძის აზრით, ეს ოპოზიციური პარტიების ყველა ნაბიჯი ერეთგვარი ერთიანი სცენარის ნაწილია, სადაც ყველას „თავისი როლი" აქვს. მისი აზრით, სწორედ ამით აიხსნება, რომ ენმ გახარიას პარტიას უფრო მწვავედ უპირისირდება, ვიდრე „ლელოს".

„ზუსტად ეს არის თვალთმაქცობა. იქნება ეს „ლელო" თუ გახარია, ყველას აქვს მინიჭებული გარკვეული როლი ამ შავბნელ სცენარში. ამაში დიდ როლს თამაშობენ საგარეო ანტიქარტული აქტორები. ყველას უნდა ჰქონდეს თავისი როლი - ზოგი გარეთ იქნება, ზოგი სარჩევნო უბნებთან მივა, ზოგიც ნებაყოფლობით საპატიმრო დაწესებულებაში. ეს შავბნელი, ავაზაკური გეგმა ჩავარდება და ამაში გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან ქართველი სამართალდამცავები.

„გეტყვით იმასაც, რომ მიჩნდება განცდა, რომ 4 ოქტომბრამდე საქართველოს სპეცსამსახურები სიურპრიზებს შესთავაზებენ ქართულ საზოგადოებას - თუ რა მზადდება 4 ოქტომბრისთვის და რომელი სავარაუდო ეჭვიტანილები მონაწილეობენ ამ შავბნელ აქტივობაში", - განაცხადა აბაშიძემ.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ენმ როგორც გახარიას, ასევე „ლელოსაც" უპირისპირდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი დაპირისპირების ობიექტი გახარია გახდა, რადგან განცხადება სწორედ მან გააკეთა.

„ლელოსაც" მშვენივრად უპირისპირდებიან. უბრალოდ, ახლა „ლელოს" არაფერი უთქვამს. იგივე ხაზარაძეზე და ჯაფარიძეზეც საკმაოდ მკვახე განცხადებები კეთდება „ნაცმოძრაობის" მხრიდან. ამასაც ვერ ვიტყვი, რომ მარტო გახარიას აგინებენ - ორივეს მშვენივრად აგინებენ.

„თუმცა გეტყვით, რომ 4 ოქტომბერზე ეს ოპოზიციური აზრთა სხვადასხვაობა ცუდად აისახება. მარტივად გიპასუხებთ - ასეთი ვითარება ოპოზიციაში ხელისუფლებისთვის ხელსაყრელია.

„ნამდვილად არ ველოდები, რომ 4 ოქტომბერსვე „ოცნება" გაიქცევა, თუმცა შემდეგ რა მოხდება, რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, ამას ვნახავთ. ერთი იმას გეტყვით, რომ დღეს ვიწყებთ და ვასრულებთო - ამას არ ველოდები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×