
გუშინ ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება.
ეს ამბავი კიდევ ერთხელ აბრუნებს საზოგადოებას 2021 წლის აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებთან, როდესაც მომხდარმა დაპირისპირებამ მისი ძმის, ზვიად ზვიადაურის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ პერიოდში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი მის ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი სიხარულიც დადგა - ქალიშვილის მართას დაბადება.
"ამბები" ესაუბრა ოჯახის ახლობელს ირმა ბენდელიანს, რომელიც სპორტსმენის ბოლო წლებზე და იმ უმძიმეს პერიოდზე ჰყვება, რაც ოჯახს გადახდა:
"მედია ყველაფერს ცალმხრივად აშუქებს. წერს, რომ ზვიადაური მკვლელია. მისი ძმა ვინ მოკლა? გასაშველებლად და შესარიგებლად მისული ორი ვაჟკაცი მოკლა იმ უბედურმა. ზურასაც და კიდევ ბევრს მიაყოლებდა, რომ არ გაენეიტრალებინათ. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ, მაგრამ მაინც ისე აშუქებს ყველა მედია, როგორც ზოგიერთ გადაგვარებულ ქართველს სურს.
რაც შეეხება ზურას დაკავებას, ვერაფერს გეტყვით. ვიცი მხოლოდ ის, რომ იარაღი არ იყო მოქმედი. გასროლა შეუძლებელი იყო იმ ჯართით.
მომხდარის შემდეგ განადგურებული იყო, ფაქტობრივად, მისი ძმის საფლავზე ცხოვრობდა... ხშირად მონასტერში იყო... არ შეარგეს ნანატრი შვილის დაბადება... ზურა ზვიადაური ყველაფერში ჩემპიონია: კაცობაში, სამშობლოს სიყვარულში, ოჯახში და სამეგობროში. იცით, რომ ზურას დედა ზვიადის სანთელთან ერთად მკვლელსაც უნთებს სანთელს... ხევის ქალია, საოცარი...
არაფერი არ მოხდებოდა იქ, იმ უბედურს ასე უმისამართო სროლა რომ არ დაეწყო... შეარიგებდა ზვიადი... ოდესმე შევძლებ და აუცილებლად დავწერ, ზვიადი როგორ ცხოვრობდა", - განაცხადა ირმა ბენდელიანმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე