რეზონანსი
18.09.2025

საარჩევნო ბოიკოტის შემდეგ, 4 ოქტომბერს, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება იყო ყველაზე დიდი საჩუქარი „ოცნებისთვის“, რომელმაც თავისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაენახებინა, ალტერნატივა რა არის, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების“ ლეგიტიმაცია იყო.

„ყველაზე დიდი შეცდომა არის დაშვებული. არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე, მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი მაშინ, როცა აქეთ გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაზიანებული, შეზღუდული კი არა, უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც რაღაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც, ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც ჩუქნი, რადგან ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა. თან გაქვს ბოლო ერთი და ორი წლის გამოცდილება, როცა ომით დაშინებით, ფაქტობრივად, მან საზოგადოებრივი აზრი გადატეხა. ამის შემდეგ გამოდიხარ, მშვიდობიან დამხობაზე, რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ „ოცნების“ დელეგიტიმაციას კი არა, მშვიდობიანი პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ და დაზიანებული, შეზღუდული ლეგიტიმაციის ხელისუფლებას დამატებით გამართლების შესაძლებლობას აძლევ. ჩემთვის აქ არჩევანი არ არსებობს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საპროტესტო ხმა, რომელიც დღეს მიიჩნევს, რომ საქართველოში არ გვყავს ეროვნული, გვყავს ანტიეროვნული ხელისუფლება, მას აქვს ხმის უფლება, რომ ხმა მისცეს „ოცნების“ წინააღმდეგ და მას ეუბნები, რომ დარჩი ბოიკოტში, შემდეგ ეუბნები, რომ ეს დღე უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის, რევოლუციის დღე, მაშინ როცა ამ რევოლუციის არანაირი რესურსი არ გაქვს, ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს არის ჩემთვის სწორედაც დამატებითი ლეგიტიმაციის ჩუქება „ოცნებისთვის““, – განაცხადა გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „მისთვის მშვიდობიანი დამხობა საერთოდ ოქსიმორონია“.

„მასობრივი მშვიდობიანი აქცია უნდა დაიბრენდოს, როგორც მშვიდობიანი დამხობა და დაინიშნოს მაინცდამაინც არჩევნების დღეს? ეს არის ლოგიკა? მშვიდობიანი დამხობა ოქსიმორონია საერთოდ, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ. ჩვენ ხომ ემოციებზე აქ არ ვსაუბრობთ. უკვე ყელში ამოვიდა ეს საუბრებიც – რაღაც ერთობა თუ არ იქნა, ერთობის გარეშე, და ჩვენ კი გვინდოდა ერთობა, მაგრამ ერთობა რახან არ გამოვიდა –  ეს არის ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ყოველდღე დგებიან, საღამოს, სამსახურის მერე მიდიან რუსთაველზე, რომლებსაც უამრავი ფინანსური ვალდებულება აქვთ, იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც დღეს ციხეში სხედან. დროის თემაა, მე, უბრალოდ, შეიძლება, სხვადასხვა მიზეზის გამო, ამას ვამბობ წინმსწრებად, რადგან ვთვლი, რომ რაღაცები უნდა გადავაზღვიოთ, მაქვს ამის შესაძლებლობა, თორემ გავა აგერ დრო, ერთი თვე, თქვენც ნახავთ და მეც, რა იქნება ამის შედეგი. შემდეგ გამოვლენ და დააბრალებენ ხალხს. იტყვიან, რომ არასაკმარისი ხალხი გამოვიდა და ჩვენ რა ვქნათო. მერე იტყვიან, აი, მე რა უნდა მექნა, იმიტომ, რომ ჯარიმა არ გადავიხადე, დაპატიმრებული ვიყავი და ამის გამო ვერ მოვახერხეთ ეს. მეგობრებო, ეს აღარ არის უკვე თამაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის შემდეგი 10 წლის განმსაზღვრელი პროცესები.

ამ არჩევნებში არის ერთადერთი მიზანი – „ოცნების“ რეალური 35% შემცირდეს 20%-მდე. ეს თუ არ მოხდა, ყველანაირი საუბრები ასეთ გადატრიალებაზე, ისეთ დამხობაზე არის ჩვეულებრივი საბავშვო ბაღი, ილუზია, უპასუხისმგებლობა, რომელზეც შემდეგ გამოვლენ და იტყვიან, არ გამოვიდა და რა ვქნათო. ჩვენ ასე არ ვართ მიჩვეული. მასშტაბური აქცია რომ გინდა, ასი ათასი ადამიანი გამოგყავს ქუჩაში, დღე უნდა დააანონსო დამხობის? მშვიდობიანი დამხობის? ეს არის ლოგიკა?“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×