რეზონანსი
18.09.2025

ალკოჰოლის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი ბრალს არ აღიარებს. 

როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, კანდელაკთან მიმართებით „შესაძლოა, გარკვეული სახის შეცდომას“ ჰქონდეს ადგილი, რეალობას კი გამოძიება დაადგენს. მოსიაშვილის თქმით, კანდელაკი ბიზნესმენია, ის ბიზნესს ლეგალურად აწარმოებს, გავრცელებული ინფორმაცია, კი, რომლის მიხედვითაც, მისი ქარხანა არალეგალურად აწარმოებდა სასმელს, არასწორია.

„ბრალი ოფიციალურად წარედგინა, თუმცა, დაცვის მხარისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადმოუციათ. რაც შეეხება ბრალის ფორმულირებას, ბრალში ასახული ფაქტობრივი გარემოებები რეალობას ნამდვილად არ შეესაბამება, საქმის მასალების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ, შესაძლებლობა მექნება ბრალის აბსურდულობა თუ დასაბუთებულობა სამართლებრივად შევაფასო. სამწუხაროდ, გავრცელებული ინფორმაცია არასწორია იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომ თურმე, გიორგის საკუთრებაში აქვს ქარხანა, ტერიტორიები, ასიათასობით მიწის ნაკვეთი, სადაც თურმე ის შენობა-ნაგებობებია განთავსებული, სადაც ალკოჰოლი მზადდებოდა. ეს არასწორი ინფორმაცია და სიცრუეა. რეალობა გახლავთ ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი კანდელაკის რამე სახის შემხებლობა არ იკვეთება.

გიორგის თავისი ბიზნესი აქვს, რასაც ლეგალური ბიზნესი ჰქვია და ეს ყველამ იცის, მაგრამ ის შენობა-ნაგებობა, ის ე.წ. ათიათასობით მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია აღნიშნული ადმინისტრაციული შენობა, არც გიორგის საკუთრება გახლავთ და არც გიორგისთან შემხებლობაში მყოფი რომელიმე კომპანია ფიქსირდება ამ მიმართულებით. გიორგი ბიზნესმენია, მაგრამ მას ბრალთან და ბრალში ასახულ ფაქტობრივ გარემოებასთან ნული აქვს შემხებლობა.

საგამოძიებო უწყება მას ალკოჰოლის ფალსიფიცირებულ წარმოებას ედავება, თუმცა, ამ შედავების სამართლებრივი ინსტრუმენტი, ის რაც ბრალში წერია, ძალიან ზოგადი და არაფრის მთქმელია. ვიმეორებ, მისი შემხებლობა ტერიტორიასთან, თუ აღნიშნულ შენობა-ნაგებობასთან არ დასტურდება. ბრალთან დაკავშირებით მას ბევრი სათქმელი არაფერი აქვს, ჩვენ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას, თუმცა, ბრალის აბსურდულობაზე უკვე გესაუბრეთ“, - აცხადებს მოსიაშვილი.

კითხვაზე, თუკი ის ბრალში ასახულ გარემოებებთან კავშირს გამორიცხავს, რას უკავშირებს მის დაკავებას, ადვოკატი პასუხობს, რომ ის ეჭვებზე ვერ ისაუბრებს.

„ჩვენ სამართლებრივად ვაპირებთ აღნიშნული საქმის შესწავლას, ამიტომ ეჭვების გამოთქმა არც ჩემი და მითუმეტეს, არც გიორგის პოზიცია არ არის. ვფიქრობ, შესაძლოა, გარკვეული სახის შეცდომას ჰქონდეს ადგილი, გამოძიება იმიტომ არსებობს, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მთავარია, ობიექტური გამოძიება ჩატარდეს“, - განაცხადა მოსიაშვილმა.

გიორგი კანდელაკი ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა.

მათ მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან ასევე ამოღებულია 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია).

დაკავებულები არიან გორში მცხოვრები პირები: გიორგი კანდელაკი (ყოფილი მოკრივე, ბიზნესმენი, გორში, ვარიანში, ქარელსა და ბორჯომში რამდენიმე რესტორნის და ვარიანში მდებარე სასტუმრო ,,რანჩოს“ მფლობელი), ბორის გოგიჩაიშვილი - ბიზნესმენი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქართლოს ჯალაბაძე - გორის აგრარული ბაზრის და სხვადასხვა ბიზნესის მფლობელის, გიორგი (გივი) ჯალაბაძის ძმა და ასევე გორში მცხოვრები ალექსანდრე კურტანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×