რეზონანსი
18.09.2025

ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თქმით, „არ შეიძლება, არჩევნების დღეს რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი“.

ანა წითლიძემ გიორგი გახარიას „უპასუხისმგებლო, მშიშარა" უწოდა და განაცხადა, რომ ის „ტროას ცხენად“ დარჩა.

„გახარია საერთოდ ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებს, როდესაც თვითონ უპასუხისმგებლოდ ადგა და გაიქცა. ახლა ბერლინიდან „მოძღვრავს“ იმ ადამიანებს, რომლებიც აქ ყოველდღიურ ბრძოლაში არიან და საკუთარი თავისუფლებით, საკუთარი სიცოცხლით, ჯანმრთელობით იბრძვიან რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ამ პროცესში თუ ვინმე არის უპასუხისმგებლო და მშიშარა, ეს ნამდვილად არის ბერლინში გაქცეული ყოფილი „სუპერძალოვანი მინისტრი“, როგორც მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეძახდნენ. ეს პროცესი არის ძალიან კარგი იმითაც, რომ ბევრი რამის კრისტალიზება ხდება, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე. ყველა ადამიანი ამ პროცესში ავლენს საკუთარ თავს, შესაძლებლობებს და საკუთარ მოტივებს. ჩემთვის საერთოდ უინტერესოა გახარიას პოზიცია 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. ყველას უნდა ესმოდეს, 4 ოქტომბერი არ არის კონკრეტულად ერთი ადამიანის სურვილზე ჩამოკიდებული დღე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია ექნება გახარიას, რომელმაც გაცხადებულად თქვა, რომ შესაძლოა განიხილავდეს პარლამენტში შესვლასაც. რეალურად, აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ ამ პროცესს უღალატოს. გახარია ჩვეულებრივ ნაწილია იმ რუსული პროექტის, როდესაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს გუნდს წარმოადგენდა და ზუსტად ისეთივე რუსულ პროექტად დარჩა ოპოზიციაში და დარჩა „ტროას ცხენად“. ამიტომ, ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე. 4 ოქტომბერი არის საქართველოს მოქალაქეების, საქართველოს და საქართველოს სახელმწიფო დროშის გამარჯვების დღე. დარწმუნებული ვარ, მიუხედავად განსხვავებული პოზიციისა, ძალიან ბევრი მოქალაქე იქნება რუსთაველზე და დაიცავს ამ ქვეყნის თავისუფლებას“,-განაცხადა წითლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, არა მხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს ისტორიაშიც იყო მშვიდობიანი რევოლუცია, როგორც ეს მაგალითად, „ვარდების რევოლუციის“ დროს მოხდა.

„ზუსტად ასე მშვიდად, წყნარად, ნარნარად ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი დაემხოს“,-განაცხადა წითლიძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლებას აშინებს ქართველი ხალხის ძალა და „მშვიდობიანი დამხობა“. „ქართული ოცნების“ განცხადებები 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ნათლად მიუთითებს იმას, რომ რეჟიმს არ ეშინია არანაირი ე.წ. არჩევნების, რეალურად კი რუსული სპეცოპერაციის, რეჟიმს ეშინია ერთადერთი რამის - ეს არის საქართველოს ათასობით მოქალაქე, მშვიდობიანი რევოლუცია და რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა, რომელიც 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რუსთაველზე არის დაანონსებული. ის, რომ რეჟიმს პრობლემა აქვს ყველგან, არის ძალიან ცხადი. ეს დასტურდება მათივე განცხადებით, მათ შორის იმ პროცესებით, რაც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს. მათ პრობლემა აქვთ გდდ-ში, თავდაცვის სამინისტროში, პრობლემა აქვთ პარტიის შიგნითაც. ერთმანეთის დაჭმა, დასუსტება, დაჯიჯგნა, მათ შორის ერთმანეთის თვითმკვლელობამდე მიყვანა, რაც თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაში მოხდა, ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ როგორც არასდროს 13 წლის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ არის სუსტი, დგას "შუშის ფეხებზე" და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მოტივაცია 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციისთვის“,-განაცხადა წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×