
"ქართული ოცნების" წევრი, თორნიკე ჭეიშვილი ე.წ. ჰექსოგენის საქმეს" გამოეხმაურა. მისივე თქმით, როგორც ჩანს, უკრაინის ხელისუფლება საქართველოში "გარკვეული მღელვარების" გამოწვევას ცდილობს სხვადასხვა არაკანონიერი ქმედებების ჩადენის გზით.
"რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ტრადიციულად, უკრაინის ხელისუფლება, როგორც ჩანს, დაინტერესებულია იმით, რომ წინასაარჩევნოდ თუნდაც ჩირქი მოსცხონ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას და უფრო მეტიც - შეიძლება, მიზანმიმართულად იგეგმებოდეს პროვოკაციები, რაც ორიენტირებული იქნება, მათ შორის, იმაზე, რომ როგორღაც გამოიწვიონ გარკვეული მღელვარება სხვადასხვა არაკანონიერი მოქმედებების ჩადენის გზით," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ "ჰექსოგენის საქმის" მასალებიდან "კურიერის" მიერ მოპოვებული ჩვენებით, რომელიც ერთ-ერთ დაკავებულს ეკუთვნის, დასტურდება, რომ უკრაინიდან საქართველოში სახიფათო ტვირთი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა გამოაგზავნეს. დასტურდება ისიც, რომ ჰექსოგენის საბოლოო დანიშნულების ადგილი თბილისი იყო.