მიზეზი დამტენების დეფიციტი, კომერციული დენის სიძვირე და მანქანების მომსახურების დაბალი დონეა
გვანცა წულაია
17.09.2025

საქართველოში ელექტრომობილების მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება, მაგრამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სერვისი მოთხოვნას ვერ ეწევა. ქვეყანაში ელექტროდამტენების რაოდენობა მცირეა, არც მომსახურებაა შესაბამისი. აწორედ ამიტომაა, რომ ელექტრომანქანებისადმი ინტერესი ქვეყანაში ვერაფრით გაიზარდა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 4 493 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა (76.2 მლნ დოლარის ღირებულების). გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 379 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა (ჯამში 46 მლნ დოლარის ღირებულების). წიაღისეული საწვავის გარეშე მოძრავი მანქანების რაოდენობა საქართველოში თანდათან იზრდება, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ ბევრია. მთავარი გამოწვევა დამუხტვის სადგურების სიმცირეა, მომხმარებლებს ხშირად უჭირთ დამუხტვის წერტილების პოვნა. 

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ელექტრომობილების სერვისის ნაკლებობაა. საქართველოში ჯერ კიდევ არ არიან კვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც ელექტრომობილების ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას გაუწევენ სათანასო მომსახურებას.

სწორედ ამ პრობლემეზე გაამახვილა ყურადღება საავტომობილო სფეროს სპეციალისტმა გელა კავშილავამ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურაც და მომსახურებაც ცოტათი განვითარდა, მაგრამ მოთხოვნასთან შესაბამისი არ არის. 

"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ელექტრომობილების რაოდენობამ მოიმატა და, ჩემი აზრით, ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩინეთიდანაც შემოვიდა დასამუხტი მანქანები, რომელიც ევროპულთან შედარებით იაფია. 

უკვე გაჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელიც ცდილობს ამ სფეროში ინვესტიციის ჩადებას. ადრე თუ ძირითადად იყო "აისფეისი", ახლა სხვებიც ცდილობენ ფეხის მოკიდებას და ქვეყანაში სწრაფი დამტენების დამონტაჟებას. 

მომსახურების კუთხითაც პრობლემებია. არც სერვისი და არც ინფრასტრუქტურა მოთხოვნასთან თანხევდრაში არ არის, თუმცა ბიზნესი ხვდება, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნა მზარდია და ელექტრომობილები რაც უფრო იაფდება, მით უფრო მეტი რაოდენობა შემოვა. ამიტომ კერძო სექტორი ინვესტიციების ჩადებას ცდილობს.

საერთოდ კი, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო პოლიტიკა უნდა არსებობდეს”, – განუცხადა "რეზონანსს” გელა კვაშილავამ. 

სახელმწიფოს როლზე მიუთითებენ სხვა ექსპერტებიც. როგორც "რობანი მოტორსის” დამფუძნებელმა ელგუჯა ჯამაგიძემ აღნიშნა, კარგი იქნებოდა, სახელწმიფოს სიტუაციის გამოსწორება თავის თავზე იქამდე აეღო, სანამ ელექტრომობილები მზარდ პოპულარობას შეიძენდა. 

"საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდია, მაგრამ საუბარი მხოლოდ 1-2 მოდელზეა. შეიძლება ქვეყანაში დასატენი ობიექტების ოდენობა ბევრი იყოს, მაგრამ არის მეორე საკითხი, თუ რამდენად რენტაბელური იქნება თავისი ხარჯიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, კომერციული დენი უფრო ძვირია, ამასთან არსებობს სხვადასხვა წინააღმდეგობებიც და საერთო ჯამში, პრობლემა იქმნება. სახელმწიფოს რომ აეღო თავის თავზე, სანამ პოპულარობას მოიპოვებდა დასამუხტი მანქანები, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ მერიამ უარი განაცხადა, არ მიაჩნია ეს მიმართულება პრიორიტეტად. 

კერძო სექტორი კი  როგორც სწორად ჩათვლის, ისე მოაწყობს ყველაფერს. კონკურენციის არ ქონის გამო, ვერავის ვერ ეტყვიან, რომ ფასი არ გაზარდონ, კომპანიას მოგება ხომ უნდა ჰქონდეს, დამონტაჟებული სატენებიც ფასში უნდა შედიოდეს, სანამ ხარჯს ამოიღებს. 

მიდის იმაზე საუბარი, რომ უნდა მოხდეს მოკლე დროში დასამუხტი სადგურების მოწყობა, რომ დიდი ინფრასტრუქტურული შექმნა არ გახდეს საჭირო. როდესაც ელექტრომობილი იმუხტება ხდება და მომხმარებელს ამ სერვისის მიღება ერთ საათში უწევს, ეს დრო როგორმე უნდა გაიყვანოს. შესაბამისად, ახლო-მახლო უნდა იყოს სკვერი, მაღაზიები და სხვა, რომ ავტომობილის დატენვისას ადამიანი გაერთოს. მე პირდად არ მექნება სურვილი, რომ ვიჯდე ავტომობილში და მის დამუხტვას ველოდებოდე. თანაც ელექტრომანქანის დამუხტვის დროს შიგნით მგზავრის ყოფნა არარეკომენდებულია”, - განუცხადა `რეზონანსს” ელგუჯა ჯამაგიძემ.  

ინფრასტრუქტურის პრობლემაზე ისაუბრა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმაც და აღნიშნა, რომ ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას საქართველოში აფერხებს დამტენების კუთხით არსებული პრობლემები.

„თავდაპირველად ძალიან მზარდი იყო იმპორტი ჩინეთიდან, თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, მოთხოვნა შემცირდა. მოგეხსენებათ, ელექტროავტომობილი სპეციფიკური ტრანსპორტია, სჭირდება ყველგან დატენვა. ვაკვირდები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, იქ გაცილებით მეტი დამტენია, ვიდრე ჩვენთან, ევროპის და დასავლეთის ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ.

ვიდრე ყველგან არ იქნება დამტენები, თუნდაც ბენზინგასამართ სადგურებზე, ეს ბაზარი ვერ განვითარდება. მაგალითს მოგიყვანთ, ჩემს სახლთან ახლოს მაღაზიასთან დაამატეს რამდენიმე წლის წინ ორი ელექტროდამტენი. გამიხარდა რა თქმა უნდა, რადგან ელექტროავტომობილი მომავლის მანქანაა, მაგრამ მეორე დღეს იმ ადგილას დაახლოებით 8 ავტომობილი იყო რიგში. თუ უფრო მეტად არ განვითარდა ინფრასტრუქტურა ელექტრომობილებისთვის, ეს მიმართულება პოპულარული ვერ გახდება.

ქართველი მომხმარებელი ძალიან პრეტენზიულია, იმ გაგებით, რომ მაღალი სტანდარტები გვაქვს, ვართ კომფორტის მოყვარულები. იმ ფონზე, როდესაც ერთი ცალი დამტენია 30 კილომეტრში და იქ არის დიდი რიგი, პირადად მე არ ვიყიდდი ელექტროავტომობილს. ინფრასტრუქტურა მეტად განსავითარებელია", - განაცხადა ლაშა დარბაისელმა „ბიზნესპრესნიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×