რეზონანსი
17.09.2025

არსად ვენის კონვენციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, რომ ელჩი ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ელჩების შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

გიგიაძის თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ელჩები იზოლირებული ვერ იქნებიან და პირიქით, ვალდებული არიან, რომ შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა პოლიტიკოსს და ჰქონდეთ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა.

„როგორც წესი, დემოკრატიულ ქვეყნებში ელჩები ხვდებიან როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. ვენის, 1961 წლის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ ზღუდავს დიპლომატებს ადგილსამყოფელ ქვეყანაში გამართონ შეხვედრები, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური პარტიების, ისე ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ვერავინ ვერ აიძულებს მათ, რომ ეს არ გააკეთონ. ხდება აპელირება იმაზე, რომ თითქოს ისინი არ უნდა ჩაერიონ საშინაო საქმეებში და ვენის კონვენციის ამ კუთხით წაკითხვა ხდება მარტო ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსი. პირდაპირ არის გადმოტანილი იგივე რიტორიკა, რაც ამ ქვეყნებში ისმოდა თავის დროზე.

არსად ვენის კონვენციაში მსგავსი ჩანაწერი არ არის, რომ ელჩი ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ უნდა შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენელს, პირიქით, ელჩები ვალდებულნი არიან, რომ შეხვდნენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა პოლიტიკოსს და ჰქონდეთ მათთან ძალიან ახლო ურთიერთობა. ასევე, ისინი ვალდებული არიან ესაუბრონ სამოქალაქო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მიიღონ მაქსიმალური ინფორმაცია იმისათვის, რომ საკუთარი დედაქალაქები მოამარაგონ სწორი და ობიექტური ინფორმაციით, თუ რეალურად რა ხდება ამ ქვეყანაში. მათ ამას ვერავინ აუკრძალავს და ამის უფლებაც გააჩნიათ“, - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×